შარლ მიშელის საქართველოში არჩამოსვლა გზავნილია! - რომ ჩამოვიდეს, ვის დაელაპარაკოს?! რა უთხრას საქართველოს მთავრობას, რომ კარგი ბიჭები არიან იმის გამო, რომ 19 აპრილის შეთანხმება გადახიეს?! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მან მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე კი არ თქვა, არამედ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე ისაუბრა. ჩვენ სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი, როცა მის ოფისში შეხვედრა გავმართეთ - ითქვა, რომ საქართველო იმსახურებს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, არამედ არის ევროპული ოჯახის წევრი. ამ ყველაფერს ხელს უშლის ევროპელ პარტნიორებზე თავდასხმები, რასაც „ქართული ოცნება“ გიჟივით აგრძელებს. ხელს უშლის რეფორმების არშესრულება. შარლ მიშელმა პირდაპირ თქვა, რომ ყველაფერი ევროკომისიის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული. ამ ადამიანებმა დეტალურად იციან, რა რეფორმებია გასაკეთებელი. როგორც „რუსული კანონი“ ვერ იქნებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის შესაძლებლობა, ასევე პარლამენტში წარმოდგენილი დეოლიგარქიზაციისა და მართლმსაჯულების კანონპროექტები აბსოლუტურ აცდენაშია ევროკომისიის რეკომენდაციებთან. ასევე არის პოლიტიკური პატიმრების საკითხი. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის წევრობის ნაცვლად რუსეთთან პირდაპირ ფრენებს, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის მოხსნასა და რუსული ჭაობისკენ სვლას გვთავაზობს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.