ჩვენ ყველანი ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ და ეროვნული ენერგია გვაერთიანოთ - ხალხო, რა გვაქვს გასაყოფი? ავაღორძინოთ საქართველო, დავდგეთ ერთად და ყველამ გავიმარჯვოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ზუსტად იგივე მასშტაბის ტრანსფორმაცია და გარდამტეხი და სწრაფი რეფორმებია საჭირო, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, გავიმარჯვოთ არჩევნებში. ეს არ არის უბრალოდ არჩევნები. ეს არის გეოპოლიტიკური არჩევნები - ირჩევ ევროკავშირის, ძლიერ, ერთიან საქართველოს თუ „რუსულ ჭაობში“ ცხოვრებას. აი, ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. ეს არის სწორედ ის არჩევანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ერთად ყოფნა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველანი ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ და ეროვნული ენერგია უნდა გავაერთიანოთ. ამიტომ დავაფუძნეთ გამარჯვების პლატფორმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და დღეს თქვენთან ერთად ვამბობთ, რომ "გამარჯვების პლატფორმის" ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. "გამარჯვების კოალიციის" კარი ღიაა ყველა პატრიოტი გულანთებული ადამიანისთვის. ხალხო, რა გვაქვს გასაყოფი? ავაშენოთ, ავაღორძინოთ საქართველო, ვიყოთ ამაყი ქვეყნის ამაყი შვილები, დავდგეთ ერთად და ყველამ გავიმარჯვოთ," - განაცხადა ვაშაძემ.