„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტიდან მისი პარტიის ორი თანამშრომელი პარლამენტმა სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ გათავისუფლების ფორმალური მიზეზი იყო, „თუ რატომ ესწრებოდნენ აღნიშნული პირები პარლამენტში მომხდარ შეხლა-შემოხლას“.
მისივე თქმით, „მარცხისთვის განწირული „ქართული ოცნება“, იმდენად სუსტია, რომ ჰგონია, პოლიტიკური ანგარიშსწორებებით რამეს მიაღწევს“.
„გუშინ გამოგვიცხადეს, რომ პაატა მანჯგალაძის მრჩეველი, ლაშა დიაროვი და ჩვენი მრჩეველი გიორგი ხაბურზანია პარლამენტიდან გაათავისუფლეს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორი თანამშრომელი პარლამენტიდან გაათავისუფლა საქართველოს პარლამენტმა. ამ ტიპის პრეცედენტი მსოფლიოში არაა. ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. გიორგი ხაბურზანიამ ერთი სასამართლო პროცესი უკვე მოიგო - მერიიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით და სასამართლომ პოლიტიკური დისკრიმინაცია დაადგინა. რაც შეეხება ლაშა დიაროვს, მისი მამა ერთი წლის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან და ახლა საგარეჯოში ედავებიან, რომ 70 წლის წინ აშენებული ღობე, თურმე უკანონო ყოფილა. ამ დონეზე დაეცა „ქართული ოცნება“ და ეს მათი სისუსტის გამოვლენაა.
ერთ წელიწადში საქართველოში „რუსული რეჟიმი“ შეიცვლება და ისტორიას ჩავაბარებთ ამ ტიპის პოლიტიკურ ანგარიშსწორებებს. მინდა „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს ვუთხრა - ამით ჩვენს ბრძოლას ვერ გააჩერებთ. ისეთ პატრიოტ ადამიანებს, როგორებიც არიან ლაშა დიაროვი, გიორგი ხაბურზანია და სხვა ბევრი თანამშრომელი, თქვენი იაფფასიანი ანგარიშსწორება ვერაფერს უზამს. ბრძოლას გავაგრძელებთ და თქვენს დემონტაჟს მოვახდენთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ,