სამწუხაროდ, უხვმა ნალექმა გურიის რეგიონში საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნა, - ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არსებობს ისეთი სოფლები, სადაც ჯერჯერობით გადაადგილება შეუძლებელია, თუმცა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა. 

“ყველა სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა სპეციალური შტაბის სხდომა, სადაც მიღებული იქნა კონკრეტული დავალებები, მითითებები, გაიწერა კონკრეტული გეგმა. ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების მიღმა. აბსოლუტურად ყველა სოფელში, ყველა ოჯახში მივალთ. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უკვე სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო საქართველოს თავდაცვის ძალები და ყველა მოქალაქის საჭიროება და პრობლემა იქნება აუცილებლად უმოკლეს ვადებში მოგვარებული”,- განაცხადა გიორგი ურუშაძემ.