დედაქალაქის საკრებულოს სხდომა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გახსნა და კოლეგებს რეგლამენტის დაცვისკენ და კორექტულობისკენ მოუწოდა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, გასული დღეების განმავლობაში არაერთი შეურაცხმყოფელი და არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა, თითქოს, ,,ქართული ოცნება’’ ევროკავშირის წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებას.
,,ეს არის აბსურდი და ტყუილი, რადგან სწორედ ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდში მოხდა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის გეგმის წარმატებით შესრულება და ქართველ ხალხთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ასე, რომ ნუ ცდილობთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას’’, -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ იმ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომლებმაც ევროსაბჭოს რეზოლუციაში აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხსენიებას ტექნიკური შეცდომა უწოდეს და აღნიშნულ ფაქტს აღმაშფოთებელი უწოდა.
,,თქვენ მხოლოდ ტექნიკურ შეცდომად მიიჩნევთ რეზოლუციაში აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიებას და ნუ გიკვირთ, როცა თქვენი აღმაშფოთებელი საქციელი კოლეგებში პროტესტს იწვევს’’,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
დასასრულს, გიორგი ტყემალაძე 29 აპრილს დაგეგმილ აქციას შეეხო და აღნიშნა, რომ ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ენა, მამული, სარწმუნოება, 29 აპრილს რუსთაველზე შეიკრიბება.
,,ეს ბრძოლა ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს და ჩვენ ვალდებულები ვართ და გავყვებით კიდეც ამ გზას’’,-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე.