ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, ვიყოთ ოპოზიციის ოპოზიცია, – ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ჩვენ კვირების განმავლობაში გვესმის უსამართლო და დაუმსახურებელი კრიტიკა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ, ოღონდ, ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ვინც ვართ ბრძოლაში, წინააღმდეგობის მოძრაობაში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მეტოქე და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, რაც არ უნდა წამოვიდეს კამპანიური, თუ არაკამპანიური ნიაღვარი დაუსაბუთებელი შეურაცხყოფის, მათ შორის, „ლელოს“ წინააღმდეგ, ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, ვიყოთ ოპოზიციის ოპოზიცია, ეს არასწორი არის უბრალოდ. ეს არის ის, რაც სურს ბიძინა ივანიშვილს. ეს არის დისონანსის შემოტანა ოპოზიციურ ველზე“, – განაცხადა სიორიძემ.

ამ განცხადებით გიორგი სიორიძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, „რით ხსნის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ლოგიკას, რომლებიც „ლელოს“ ლიდერების მისამართით აცხადებენ, რომ საქართველო ვერ გახდება ორი ბანკირის სათამაშო, საუბრობენ შავ ფულზე, პოლიტიკურ კორუფციაზე და ა.შ.“.

შეკითხვაზე, „ნიშნავს თუ არა ეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციის ოპოზიცია და ის აკეთებს იმ საქმეს, რაც სურს ბიძინა ივანიშვილს“, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რა თქმა უნდა, ნიშნავს ოპოზიციის ოპოზიციად ყოფნას, რაც არასწორია.

„ჩვენ გვგონია, რომ ეს ადამიანები უშვებენ შეცდომას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათთან ერთად გვიბრძოლია ბოლო თვეების განმავლობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის, ომი არის მოსაგები რეჟიმის წინააღმდეგ და ბუნებრივია, ამას სჭირდება ერთიანობა“, – განაცხადა სიორიძემ.

შეკითხვაზე, „იმ პირობებში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ისმის ბრალდებები, რომ „ლელოს“ ლიდერი მაგალითად, ფულს იხდიდა იმაში, რომ არ დაეზარალებინა და არ გაეკრიტიკებინა ვინმეს, ანა წითლიძე საუბრობს გიორგის სიორიძის თანამდებობაზე ცესკო-ში, ანაზღაურებაზე, პრივილეგიებზე, რაც გათვალისწინებულია ამ თანამდებობისთვის, რა მოლოდინი აქვს, იქნება ბრძოლა მათ შორის, მსგავსი თემებით აპელირებითაც?“, – გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ „ლელოს“ მხრიდან არ იქნება არავითარი ტალახის სროლა, არც დამსახურებული და არც, მით უმეტეს, დაუმსახურებელი.

„ამას არ ვაპირებთ. ჩემი პარტიის ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ორმა ადამიანმა, რომლებსაც შეეძლოთ, თავიანთი ცხოვრება ისე წაეყვანათ, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ეცხოვრათ იმდენად უზრუნველად და ისე, როგორც ალბათ, ყველაზე მცირე ნაწილს დედამიწის ზურგზე, ამ პლანეტაზე, თავიანთი კაპიტალიდან, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აირჩიეს ბრძოლა. ბადრი ჯაფარიძე ლონდონში იყო და ჩამოვიდა საქართველოში იმის გაცნობიერებით, რომ მას დააკავებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური აქტი. რაზე უნდა ვისაუბროთ ახლა ჩვენ, რომ ისინი ფულს იხდიდნენ იმისთვის, რომ რაღაც კამპანია არ აწარმოონ მის წინააღმდეგ? ეს ხომ არასერიოზულია?“, – აღნიშნა სიორიძემ.

მისი თქმით, თბილისში „ქართული ოცნების“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა.

„თბილისში ის უტოლდება 25%-ს, მაშინ, როდესაც 67% აქვს ოთხ კოალიციას. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში თანაბარი ბრძოლა შეიძლება, გაიმართოს, მაგრამ იქ, სადაც არის განწყობები შესაბამისი, დადასტურებული არჩევნებით და გაზომილი სოციოლოგიურად, რა თქმა უნდა, იქნება ის ბრძოლა, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.