ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ჩვენი პოზიცია თანმიმდევრულია, – ასე უპასუხა კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რამ განაპირობა „ლელოს“ პოზიციის ცვლილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რადგან პარტიის პოზიცია 28 მარტს იყო, რომ „ნებისმიერი საუბარი დღეს ადგილობრივ არჩევნებზე და გადატანა მეორე საკითხად ახალი არჩევნების, არის სცენარი ბიძინა ივანიშვილის“ და გამოიწვია თუ არა მათი პოზიციის გამყარება ევროდეპუტატების მოწოდებამაც, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნები უნდა განიხილოს, როგორც შესაძლებლობა.
"ჩვენ ვთვლიდით მაშინ, რომ იმ დროს ეს იყო ნაადრევი და ეს, შეიძლებოდა, დამაზიანებელი ყოფილიყო როგორც პროტესტის სულისკვეთებისთვის, ასევე იმ სხვა ფორმებისთვის ბრძოლისა, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით და, რომელმაც შედეგი გამოიღო, თუმცა ახლა, მაშინ, როდესაც, რეალურად, ოთხ თვეზე ნაკლებია არჩევნებამდე დარჩენილი, და მოგეხსენებათ, არსებობს სამართლებრივი ვადა ორი თვით ადრე, ახლა არის სწორედ შესაფერისი ვადა პოლიტიკური კონსულტაციებისათვის. ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც გადაწყვეტილებას ვიღებთ დამოუკიდებლად და ვიღებთ ჩვენი ამომრჩევლის ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
მისი თქმით, საქართველოში ყველაზე კომპეტენტური სოციოლოგიური ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა მიმდინარე კვირაში გასაჯაროვდება.
„გადაწყვეტილება ჩვენ ჯერ არ მიგვიღია. კვლევა არის ერთ-ერთი დამადასტურებელი იმ საჭიროებისა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. კვლევა არის საქართველოში ყველაზე კომპეტენტური სოციოლოგიური ორგანიზაციის მიერ ჩატარებული. გასაჯაროვდება, სავარაუდოდ, პარასკევს, მიმდინარე კვირაში და ყველას, მათ შორის, ჩართულ მხარეებს შეეძლებათ მისი შედეგების ნახვა“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
გიორგი სიორიძემ ასევე განაცხადა, რომ პროცესი დაწყებულია და „ლელო“ მთელ ძალისხმევას ჩადებს იმაში, რომ ყველას ესაუბრონ.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ერთობა ოთხი პოლიტიკური ორგანიზაციის, იმ კოალიციების, რომლებმაც, 26 ოქტომბრის გაყალბებული შედეგების მიუხედავად, ბარიერი გადალახეს და, აგრეთვე, საზოგადოებრივი ჯგუფების. ჩვენ ძალიან აქტიურ კონსულტაციებში ვართ სამოქალაქო აქტივისტებთან, პოლიტპატიმრების ოჯახების წევრებთან და, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებთანაც. ჩვენ გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან. აქ საუბარია იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც დღემდე არიან სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმაზე, თუმცა, სამწუხაროდ, იქ არ არის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, გახარიას პარტია და არ არის პარტია „ახალი“, თუმცა მისი კოალიციური პარტნიორები, „დროა და გირჩი – მეტი თავისუფლება“ იქ არიან წარმოდგენილი. იქნება კონსულტაციები და შეხვედრა თვითონ სალომე ზურაბიშვილთან“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ განაცხადა უარი „ლელომ“ ღია დებატებთან დაკავშირებით „დროას“ ლიდერის შეთავაზებაზე, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ ეს სიმართლესთან მთლად შესაბამისი არ არის.
„ეს არ არის მთლად შესაბამისი სიმართლესთან. იმიტომ, რომ შეთავაზებაზე იყო პასუხი, ეს უნდა მოხდეს სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე. მამუკა ხაზარაძემ პირადად უპასუხა მას. იყო ელენე ხოშტარიასთანაც კონსულტაცია და აქ არანაირი პრობლემა არ არის, მეორე მხრიდანაც არის ამის სრული მზაობა“, – განაცხადა სიორიძემ.
მისივე თქმით, „ლელო“ ამ არჩევნებს არ მიიჩნევს ჩვეულებრივ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად, სადაც კამპანიის დროს მხოლოდ ყოფით, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე ხდება საუბარი, ქვეყანა არის უმწვავეს სოციალურ-ეკონომიკურ, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიტიკურ, კონსტიტუციურ კრიზისში, რომელსაც ჰყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, პოლიტიკური პროცესი არის ჩიხში და „ლელომ“ ეს უნდა მიიტანოს საზოგადოების მაქსიმალურად ფართო ფენებამდე.
შეგახსენებთ, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.