დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაუსვა ხაზი ევროკავშირის 9 დათქმიდან მე-4 დათქმის შესრულებას. იმ ისტორიულ გზაზე, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიდან სრულ წევრობამდე, ქვეყანამ 9 ნაბიჯი უნდა გადადგას ევროპისკენ. სამწუხაროდ, ვეტოს დაძლევით „ქართულმა ოცნებამ“ ერთი ნაბიჯი უკან გადაადგმევინა ჩვენ სახელმწიფოს. - ამის შესახებ "ლელოს" წარმომადგენელი ცესჯოში გიორგი სიორიძე აცხადებს.
"ქართული ოცნება" ერთპარტიულად დაძლევს ვეტოს, ერთპარტიულად იღებს საარჩევნო რეფორმას და ერთპარტიულად დააკომპლექტებს საარჩევნო ადმინისტრაციას. მათი მიზანია, ლეგიტიმაციის კრიზისში მყოფ ცესკოს ფორმალური კანონიერება შესძინოს და მისი მორჩილი, მარიონეტული ცესკოთი ჩაატაროს 2024 წლის ისტორიული არჩევნები.
საარჩევნო რეფორმას საქართველოში ყოველთვის ფართო ჩართულობით იღებდნენ ხოლმე. იმიტომ, რომ არჩევნები ყველასია, ვინც მასში მონაწილეობას იღებს, საარჩევნო კანონმდებლობა კი, თამაშის წესებია, რომელზედაც მხარეები შეთანხმებულნი უნდა იყვნენ. მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა, რომ როგორც ერთ-ერთმა მოთამაშემ, თავად დაადგინოს წესები და თანაც, არბიტრიც თვითონ იყოს.
მმართველი პარტია, ვეტოს დაძლევით უპირისპირდება ევროპელ პარტნიორებს, ქართულ ოპოზიციურ სპექტრს, სამოქალაქო საზოგადოებას და, რაც მთავარია, ქართული საზოგადოებას, მათ შორის, მათივე ელექტორატის იმ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც საქართველოს ევროკავშირში ხილვა სურს. თუმცა ხალხი, არის ერთადერთი ძალა, რომლის წინაშეც უძლურია ნებისმიერი ხელისუფლება, რომლის მოთვინიერებაც შეუძლებელია. ასე იყო 1990 წელს, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩატარდა უზენაესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნები და გადავარდა კომუნისტური დიქტატურა.
ასე იყო 2003 წელს, როდესაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება. ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება, მიუხედავად ტოტალური კონტროლისა, იძულებული გახდა ოპოზიციაში გადასულიყო. „ქართული ოცნებაც“ ვერ აღუდგა ხალხის ნებას: „გავრილოვის ღამე“ და „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციები ამის ნათელი მაგალითია. ასე რომ, 2024 წლის არჩევნების ბედს, მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების მცდელობებისა, გადაწყვეტს საქართველოს ამომრჩეველთა ნება, რომელიც მოუთვინიერებელია." - განაცხადა გიორგი სიორიძემ.