შუალედური არჩევნებს ელექტრონული ტექნოლოგიების თვალსაზრისით დადებითად ვაფასებ - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ "ლელოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა. მისი თქმით შუალედური არჩევნები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების რეპეტიციაა.

"მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი პროცესს, ბევრ უბანზე ვიყავი და ზოგადად მე ორ ნაწილად გავყოფ არჩევნებს, რომელიც მთლიანი პროცესის შემადგენელი ნაწილია. ერთი არის ის, რაც ხდება უბნის შიგნით, მეორე არის ის, რაც ხდება უბნის მიმდებარედ.

უბნის შიგნით ჩვენ გვქონდა, მართლაც რევოლუციური ცვლილებები, რომელიც განვახორციელეთ, ეს არის ტექნოლოგიების გამოცდა. ბუნებრივია, ტექნოლოგიების პირველად დანერგვას, ცალკეული ხარვეზები შეიძლება ჰქონდეს და ასეთი გამოვლინებაც იყო რამდენიმე უბანზე, თუმცა ჩემდა სასიხარულოდ, არცერთი ხარვეზი არ არის ისეთი, რომელიც არ არის გამოსწორებადი, რაც მე მაძლევს იმის იმედს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს არჩევნები იყო მნიშვნელოვანი რეპეტიცია. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არის ცალკეული შემთხვევები, რომელიც ხდება უბნის გარეთ, რომელიც მე ასევე შევნიშნე. თქვენ იცით, რომ არცერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია არ იღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებში, მიუხედავად ამისა შეინიშნებოდა შეკრებები უბნის გარეთ.  

მე თვითონ მესმოდა უშუალოდ, შეიძლება ვერ მცნობდნენ ეს ადამიანები, იყო მობილიზება, სავარაუდოდ შესაძლებელია ეს ყოფილიყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, იყო მასობრივი მოყვანა ამომრჩევლის ავტობუსებით, იყო დაგაძახილები  მე მივეცი ხმა და ასე შემდეგ. ეს მანკიერი პრაქტიკა ყოველთვის ახლავს არჩევნებს, ამას ბუნებრივია საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა ვერაფერს უშველის, ეს სხვა სისტემური პრობლემაა, შესაბამისად მეორე ნაწილში იყო ცალკეული ასეთი შემთხვევები, ამისგან დაზღვეულები ვერ აღმოვჩნდით და ალბათ, მომავალშიც არ იქნება, თუმცა ტექნოლოგიის ნაწილში, საერთო ჯამში, ჩემი შეფასებით დადებითად ვაფასებ და მივიჩნევ, რომ ტექნოლოგიები ნამდვილად არის ქართული არჩევნების ხვალინდელი დღე"- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, "ლელოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ.