ხალხი კარგად ხვდება, სინამდვილეში, ამ ქვეყანაში ვინ არის სიძულვილის ენის წამხალისებელი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელშიც შალვა პაპუაშვილი წერს: „ადამიანის უფლებების დაცვა მისი ქცევის გამართლებას არ მოითხოვს. შეგიძლია, იდავო სასჯელზე, მაგრამ იმავდროულად დაგმო პოლიციელზე ძალადობა. შეგიძლია, დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ იმავდროულად დაგმო მოქალაქეთა შეურაცხყოფა. ევროკავშირისგან სწორედ ამ თანმიმდევრულობას ვითხოვთ“.

მისი თქმით, უპასუხისმგებლობაა, როცა შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს ბრალს სდებს, რომ ევროკავშირი სიძულვილის ენას ახალისებს.

„არა მხოლოდ შალვა პაპუაშვილი, არამედ „ოცნების“ ყველა ლიდერი სიძულვილს და ზიზღს ყოველ დღე თავად აფრქვევს. ეს ადამიანები სხვაზე როგორ საუბრობენ? როგორ შეიძლება, თქვან, რომ ევროკავშირი სიძულვილს ახალისებს, როცა ხელისუფლება თავად არის სიძულვილის ენის, საზოგადოების დაპირისპირების, პოლარიზაციის და რადიკალიზმის შემოქმედი. ეს ადამიანები ამ პოლიტიკას ყოველ დღე ატარებენ. უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა, როცა რასაც თავად აფუჭებენ, სურთ, სხვას დააბრალონ. ხალხი კარგად ხვდება, სინამდვილეში, ამ ქვეყანაში ვინ არის სიძულვილის ენის წამხალისებელი. ეს პარტია სიძულვილის ენასა და საზოგადოების დაპირისპირებაზე  არის აგებული. უპასუხისმგებლობაა, როცა შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს ბრალს სდებს, რომ ევროკავშირი სიძულვილის ენას ახალისებს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.