არა მხოლოდ ეუთო, ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი ან ნებისმიერი ევროპული ორგანიზაცია ადასტურებს, რომ ხელისუფლების შესაცვლელად არც ბოიკოტია სწორი გზა და არც მშვიდობიანი დამხობის მცდელობა არის სწორი მიმართულება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
რაც შეეხება დიალოგისკენ მოწოდებას, გიორგი შარაშიძის თქმით, ეუთო-სგან ეს გასაკვირი არ არის, რადგან ევროპული დემოკრატია, პირველ რიგში, დიალოგს გულისხმობს.
„პოლიტიკა, ზოგადად, კომპრომისებისა და დათმობის ხელოვნებაა. თუმცა, ჩემი აზრით, ეს არა იმდენად ოპოზიციური პარტიების მიმართ გაკეთებული განცხადებაა, რამდენადაც „ოცნების“ მიმართ გაკეთებული განცხადება, სულ მცირე, ორივე მხარეს თანაბრად მიემართება, რადგან თავად „ოცნებას“ აქვს დიალოგისთვის ჩაკეტილი ეს სივრცე“, –განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
კითხვაზე, – „ხომ არ ფიქრობთ, რომ ეუთო-ს მიმართვის ადრესატი თუ ხელისუფლება იყო, არასწორი ადრესატია, რადგან მათ საჯაროდ მოუწოდეს ოპოზიციას დიალოგისკენ“, – შარაშიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაცვლად ვერ ისაუბრებს.
„რატომ არის არასწორი ადრესატი? ერთია, რას ამბობს „ოცნება“ და მეორეა, რას აკეთებს. იმის თქმა თუ გინდათ, რომ დებატების შეთავაზება ნიშნავს, რომ „ოცნება“ ყველანაირად მზად არის დიალოგისთვის, ასე არ არის. დიალოგი საერთოდ, როგორ შეიძლება, იმ პირობებში გაიმართოს, როდესაც ასეთი დრაკონული კანონები მიიღო „ოცნებამ“? ერთი მხრივ, ზღუდავს აზრის გამოხატვას და იღებს ანტიდემოკრატიულ კანონებს, ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია. ეს რომც თქვას, არ იქნება რეალური, ეს მხოლოდ რაღაც ყალბი განცხადება იქნება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
დასმულ კითხვაზე, „რატომ შევიდა დიალოგში პარტია „გახარია საქართველოსთვის“, თუ დიალოგი არ შეიძლება ხელისუფლებასთან, რომელმაც დრაკონული კანონები მიიღო“, - გიორგი შარაშიძემ აღნიშნა:
„ასე არ მითქვამს. მე იმის თქმა მინდა, რომ „ოცნება“ არ არის მზად დიალოგისთვის. „ოცნება“ რასაც აკეთებს, ეს დიალოგისთვის სიგნალი არ არის“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.










