რეგიონში ვიდრე ესკალაციაა, თავშეკავება გვმართებს, საჭიროა ცოტა მეტი პასუხისმგებლობა, სიფრთხილე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ  პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

„ამ პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ საჭიროა ცოტა მეტი პასუხისმგებლობა, სიფრთხილე, როცა რეგიონში ასეთი რთული ვითარება, სამხედრო ესკალაციაა. რა თქმა უნდა, ყველა ეს განცხადება, შესაძლოა, გარკვეულ საფრთხეს შეიცავდეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. არსებულ ვითარებაში მთავარი სიმშვიდის შენარჩუნებაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ პოლიტიკოსების განცხადებები რაში სჭირდებოდა? მართლაც თუ ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, აქამდეც ყველანაირი რესურსი ჰქონდა, რომ ამაზე ეზრუნა. რა თქმა უნდა, განცხადებებით უნდა დაინტერესდეს. განცხადებები რომ არ გაეკეთებინათ, ეს ყველაფერი სუს-მა არ იცოდა? პოზიციები თუ შეიცვალეს, დაზუსტებები თავად უნდა გააკეთონ. „ოცნება“ როგორი მოღალატეც არ უნდა იყოს, ვიდრე რეგიონში ესკალაციაა, თავშეკავება გვმართებს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შეგახსენებთ, 7 მარტს სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და, მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით. გამოძიება სსკ-ის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე, გიორგი კანდელაკი და ვახტანგ კაპანაძე გამოიკითხნენ.