კარგია, რომ ყულევის პორტი სასანქციო სიაში არ არის, მაგრამ ვაღიაროთ ისიც, რომ ამ სიაში არსებობა მიუთითებს, რომ ამის საფუძველი არსებობდა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტი, რომ ყულევი სასანქციო სიაში იყო და საქართველოს მიმართ მოთხოვნები უმკაცრესია, იმას ადასტურებს, რომ ამის საფუძვლები არსებობდა.

„სამწუხაროდ, სასანქციო სიაში იყო. შესაბამისად, „ოცნების“ კამპანია, რომ ევროკავშირს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა სასანქციო პაკეტში პორტის შეყვანის, ეს ცრუ კამპანიაა. რატომ იყო სიაში? გარკვეული საფუძველი იყო, რომ ამ სიაში ყოფილიყო. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არ გახდეს რუსეთის სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა. კარგია, რომ ყულევის პორტი სასანქციო სიაში არ არის, მაგრამ ვაღიაროთ ისიც, რომ ამ სიაში არსებობა მიუთითებს, რომ ამის საფუძველი არსებობდა. პირდაპირი გაფრთხილებაა და შეგვიძლია, ეს ბოლო გაფრთხილებად მივიღოთ, რომ საქართველომ სანქციების საკითხი უნდა გააკონტროლოს. ფაქტი, რომ სასანქციო სიაში იყო და საქართველოს მიმართ მოთხოვნები უმკაცრესია, იმას ადასტურებს, რომ ამის საფუძვლები არსებობდა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის არიდების ადგილი არ უნდა გახდეს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.