ჩვენ ვართ წერტილში, როგორც 34 წლის წინ, დღესაც საქართველოს მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც მოსკოვს ემორჩილება - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„მე ასე მესმის პოლიტიკური რეალობა, რომ ჩვენ ვართ წერტილში, როდესაც როგორც 34 წლის წინ საქართველოს მართავდა საქართველოს კომუნისტური პარტია, რომელიც ემორჩილებოდა მოსკოვს, ანალოგიურად დღეს მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც ემორჩილება მოსკოვს. შესაბამისად, საგამოძიებო კომისია არაფერს არ აფუჭებს, მაგრამ იმის ილუზიის ქონა, რომ საგამოძიებო კომისიის მეშვეობით საკითხები გადაწყდება ან გაღრმავდება რეფორმები, ეს არ არის ადეკვატური. რა თქმა უნდა, არაფერს არ აფუჭებს, მაგრამ მთავარი აქცენტისა და იმედის ქონა იმაზე, რომ ასეთი მეთოდები, როგორიც არის საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, საგამოძიებო კომისია, საერთო ჯამში მიგვიყვანს ცვლილებამდე, ეს, ჩემი აზრით, არის მიამიტი დამოკიდებულება. ეს მუშაობა არ არის მავნებლური, შეიძლება დადებითი შედეგიც ჰქონდეს საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით, მაგრამ [ეს იგივეა] კომუნისტების დროს, რომ საგამოძიებო კომისია შეგვექმნა და იმის იმედი გვქონოდა, რომ საბჭოთა კავშირი იმის შედეგად ჩამოიშლებოდა, რომ გამოიძიებდნენ კომუნისტური პარტიის მიერ ჩადენილ დანაშაულებს... ყველამ უნდა ვთქვათ, გვჯერა თუ არ გვჯერა, რომ ეს ხელისუფლება ასრულებს მოსკოვის დაკვეთას, ამაზე უნდა შევთანხმდეთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.