„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ დღევანდელ საქართველოს რეალობაში პრაქტიკულად მოსახლეობის 90 % ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მძევალია.

გუგავა „აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბანკების საქმიანობა რეგულირებული უნდა იყოს. პოლიტიკოსი აქვე აღნიშნავს, რომ თვითმმართველობა ამ საკითხს ვერ მოაგვარებს, მაგრამ რისი მოგვარებაც შეუძლია ისაა, რომ ქალაქში მათი ბილბორდები აიკრძალება. მერობის კანდიდატის თქმით, საბოლოოდ მიკროსაფინანსოების საქმიანობა უნდა აიკრძალოს.

„ბანკები მკაცრად რეგულირებადი სფეროა მთელ მსოფლიოში. საქართველოს სინამდვილეში კი მონსტრებად იქცნენ. ისინი არიან ხელისუფლებაში, დაწესებული აქვთ კატასტროფული პროცენტები, საურავები, საკომისოები. ფლობენ აბსოლუტურად ყველა ბიზნესს. თბილისის წყალს „საქართველოს ბანკი“ ფლობს და პირველი რა გაკეთდა იცით? განაცხადი შეიტანა სემეკში ტარიფის მომატების შესახებ. თქვენ გინახავთ, რაიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობა გაეუმჯობესებინოს წყალმომარაგებაში. ბანკები სამშენებლო ბიზნესში არიან, ღვინის წარმოებაში, სამედიცინო ბიზნესში... ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი კი არაა ჩვენს რეალობაში, არამედ პირიქით ბანკები ისტორიულ მოგებაზე გადიან. 303 მილიარდზე გავიდა მათი მოგება ერთ წელიწადში.

ამ საკითხზე ცვლილება უნდა დაიწყოს გლობალურად. თვითმმართველობა ამ პრობლემას გლობალურად ვერ გადაწყვიტავს.

რაც შეეხება სათამაშო ბიზნესს ევროპულ ქვეყნებში ან მკაცრად რეგულირებულია, ან საერთოდ აკრძალულია. ჩვენ თუ ამ გზას არ დავადექით, დავიღუპებით. ეს ეხება მიკროსაფინანსოებსაც. რა თქმა უნდა, თვითმმართველობა ვერ შეძლებს ამის დარეგულირებას, მაგრამ თვითმმართველობას შეუძლია ქალაქში კაზინოებისა და სლოტკლუბების აკრძალვა. ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სარეკლამო ბილბორდები არ იყოს. მაგრამ საბოლოო ჯამში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უნდა აიკრძალოს. საქართველოს მოსახლოების 90% მძევალია ბანკის, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას „აიპრესი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.