„ევროკავშირში გაწევრიანება და 2024 წლის არჩევნები საქართველოსთვის უნიკალური შანსია და ეს შანსია ოცნებისთვისაც, რომ თავი დააღწიოს იმ ჩიხს, რომლისკენაც ქვეყანა და საკუთარი თავი ყოველდღიურად მიჰყავს. როდესაც წითელ ხაზზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას - ესაა წითელი ხაზი, რომელიც ოცნებას ჯერ არ გადაულახავს. ამიტომ ძალა უნდა მოიკრიბოს და საკუთარ ფულზე ზრუნვის ნაცვლად, საქართველოზე იზრუნოს, გადადგას სწორი ნაბიჯები - ცუდს ცუდი დაარქვას და კარგს - კარგი, ვიდრე იმას რასაც ჯერ კიდევ კარგი ჰქვია, ფასი არ დაუკარგავს. თორემ დღეს რომ ეგენი „ღალატს“ გაიძახიან, ღალატს სახელს ეგენი ვეღარ დაარქმევენ, ნამდვილი ღალატი რა არის, მაგას ხალხი და ისტორია განსაზღვრავს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მცხეთაში, გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, პარტიის ლიდერებთან ერთად მცხეთაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუნდის წევრებს შეხვდნენ. ისაუბრეს ქვეყნის გამოწვევებზე, რეგიონის პრობლემებზე, პარტიის განვითარების გეგმებზე და 2024 წლის არჩევნებზე. შეხვედრა აქტიური დისკუსიის და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
„ნებისმიერი საჯარო მოხელე უნდა ემსახუროს ქვეყანას, სახელმწიფოს და მოქალაქეებს, რომლებმაც აირჩიეს. საჯარო მოხელეები ბიზნესის და პოლიტიკური ელიტების მოსამსახურე პერსონალად არ უნდა გადაიქცნენ! 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ემსახურება მთელი მთავრობა, პარლამენტი, ეროვნული ბანკი, სასამართლო; ესაა სიმართლე, და სიმართლის მოსმენა კი ნუ გწყინთ, სიმართლის მოსასმენად მოემზადეთ!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.