„ხალხის ძალის" კანონპროექტი საფრთხის შემცველია, ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხს დაარღვევს - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.
„ეს წარმოადგენს იმ კანონპროექტთა რიგს, რომელიც ძალიან დიდი საფრთხის შემცველია დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებობდეს და თავისუფლად მუშაობდეს არასამთავრობო ორგანიზაცია, მედიასაშუალება. ვითომ გამჭვირვალობის ეგიდით მოხდება არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტური ფუნქციონირების ხელშეშლა, რაც სრულიად დაუშვებელია და ამ ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხს დაარღვევს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი უნდა გაესვას, რომ ის წინააღმდეგობაში მოდის გაერთიანების თავისუფლებასთან, ძირითად უფლებებთან, ამიტომ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ ამ ეტაპზევე, რომ ის არის სრულიად არაკონსტიტუციური და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო. ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი", - აღნიშნა ბურჯანაძემ.