თუ პარტიის ლიდერს არ მოსწონს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რატომ უნდა ჩათვალოს, რომ პოლიტიკური საბჭო უნდა იყოს მისი მონების კრებული. ასე თუ იქცევი ოპოზიციაში, ხელისუფლებაში თუ იქნები, კიდევ უარესი შედეგით დამთავრდება ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მე იცით რა მწყინს? როდესაც დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ, დემოკრატიის პრინციპებს ვქადაგებთ და ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორედ მახასიათებელი ჩვენი პარტიის და თუ ამ პარტიის ლიდერს არ მოსწონს რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება, რატომ უნდა ჩათვალოს, რომ პოლიტიკური საბჭო უნდა იყოს მისი მონების კრებული. დაისვა ყრილობის ჩატარების საკითხი, პარტიის წევრებიც დათანხმდნენ, მე ჩემი კანდიდატურაც წამოვაყენე თავმჯდომარის პოზიციაზე. აქამდე არასდროს მქონია პრეტენზია და გიგამაც კარგად იცის ეს. როგორც კი დადგა ეს საკითხი, რომ შეიძლება ჩემი კანდიდატურაც ყოფილიყო... დემოკრატია არ არის ეს? აბა რა არის? მაშინ ისიც უნდა ვთქვა, რომ ასე თუ იქცევი ოპოზიციაში, ხელისუფლებაში თუ იქნები, კიდევ უარესი შედეგით დამთავრდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა მან.
წერეთელი ყოფილ თანაგუნდელებს წარმატებას უსურვებს და მოუწოდებს, თავი დაანებონ ყოფილი პარტიის დაზიანებას და ადამიანების შეურაცხყოფას.
„მინდა, წარმატება ვუსურვო მათ იმ საქმეში, რასაც გააკეთებენ, ოღონდ წარმატებას ვერ ვუსურვებ იმ საქმეში, რაც ეხება მათი ყოფილი პარტიის დაზარალებას, ადამიანების შეურაცხყოფას. პირდაპირ მოვუწოდებ, რომ დაანებონ ამას თავი, ეს რა რის კარგი საქციელი, ამით ვერავის გამოიყვანენ წყობიდან.
რაც შეგვეხება ჩვენ, ჯერჯერობით გვაქვს დრო, რომ იყოს სავარაუდო კონფიგურაციაზე საუბარი სხვა პარტიებთან. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ გვქონია კონსულტაციები და მე არ ვფიქრობ, რომ ეს გზა შეიძლება მათთან დამაკავშირებელი გზა იყოს. არის სხვა გაერთიანებები, რომლებთანაც იყო გარკვეული კონსულტაციები“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.