საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები არის „ოცნების“ მიზანმიმართული ნაბიჯი, რომელიც არა მხოლოდ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ საზოგადოებასა და განსხვავებულ აზრს მიემართება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, დღეს „ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით ცდილობს, ქვეყანაში განსხვავებული აზრი გააქროს.

„პროცესები, რაც სარჩელიდან გამომდინარე ვიხილეთ, ასევე ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. აქ „ოცნების“ მხრიდან კონკრეტული ბრალდებებია წარდგენილი, რაც, მაგალითად, ჩვენს პარტიას მიემართება. „ჩორჩანას საქმე“, სადაც ჩვენს პარტიას ედავებიან, რომ გიორგი გახარიამ 2019 წელს ქართულ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ჩორჩანაში ჩადგა ქართული საგუშაგო და ეს დღეს „ოცნებას“, როგორც დანაშაული ისე აქვს წარმოდგენილი და ამის საფუძველზე ითხოვენ ჩვენი პარტიის გაუქმებას. ბუნებრივია, ეს არა მხოლოდ ჩვენს პარტიას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.