თქვენი რიტორიკა დემოკრატიასა და ევროინტეგრაციაზე ფასადურია. ფაქტები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. საგანგაშოა მოცემულობა, როდესაც თქვენი ნაბიჯები იწვევს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას და ერთადერთ პოზიტიურ გამოხმაურებას კრემლისგან იმსახურებს. ცხადია: ეს პოლიტიკა საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ფარულავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატების მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიების აკრძალვა პირადი პოლიტიკური მიზნებით სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში დიქტატურის გაფორმება.

„საერთაშორისო პრაქტიკაც ადასტურებს, რომ მსგავსი ზომა უკიდურესი, საგამონაკლისო მექანიზმია - დემოკრატიულ სამყაროში პარტიის აკრძალვა მხოლოდ ტერორიზმთან ან ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს ეხება. საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პრეცედენტი კი, რომელიც საკანონმდებლო საქმიანობას კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს, მსოფლიოში არ არსებობს.

თავად სარჩელი და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი პარტიის ამ სიაში მოხვედრა სრულიად ხელოვნურია. რაც არ უნდა ეცადოთ საპირისპიროს მტკიცებას, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენ არ ვართ სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილი. სარჩელის ე.წ. „დასაბუთება“ მხოლოდ პოლიტიკურ რიტორიკაზეა აგებული და წარმოადგენს სამართლებრივ აბსურდს.

თქვენი რიტორიკა დემოკრატიასა და ევროინტეგრაციაზე ფასადურია. ფაქტები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. საგანგაშოა მოცემულობა, როდესაც თქვენი ნაბიჯები იწვევს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას და ერთადერთ პოზიტიურ გამოხმაურებას კრემლისგან იმსახურებს. ცხადია: ეს პოლიტიკა საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება.

საინტერესოა, საერთოდ თუ აცნობიერებთ, რას მოაწერეთ ხელი და რა პროცესის თანამონაწილეები გახდით?!

სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და თავდაცვა წარმოადგენს ცივილიზებული ქვეყნის წითელ ხაზს, რომელიც პარტიულ დაპირისპირებაზე მაღლა დგას. ამ საკითხების გამოყენება ძალაუფლების გასამყარებლად და ოპოზიციური ველის გასასუფთავებლად ეროვნული ინტერესების უგულებელყოფაზე მიუთითებს“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

მისივე თქმით, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა ოპონენტების დევნის ან აკრძალვის მიზნით ამკვიდრებს ნარატივს, რომელიც 2008 წლის ომის დაწყებასა და საოკუპაციო ხაზთან - ჩორჩანაში, უსაფრთხოების ზომების მიღებას ქართული მხარის „დანაშაულად“ წარმოაჩენს, ზიანი ადგება არა ცალკეულ პარტიას, არამედ პირდაპირ სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და ინტერესებს.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არაღიარების საერთაშორისო კონსენსუსი ეფუძნება ფაქტს, რომ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა გარე სამხედრო აგრესია. საქართველომ მიაღწია იმას, რომ საერთაშორისო სასამართლოებმა რუსეთის ფედერაცია სამხედრო დანაშაულებსა და ეთნიკურ წმენდაში ოფიციალურად ცნეს დამნაშავედ. ამ ფონზე მმართველი პარტიის მხრიდან 2008 წლის ომის დაწყების ქართულ მხარეზე დაბრალება უარყოფს დადგენილ ისტორიულ და სამართლებრივ რეალობას და ოკუპანტ სახელმწიფოს აძლევს საფუძველს, საკუთარი ქმედებები „იძულებით თავდაცვად“ გაასაღოს.

სოფელ ჩორჩანაში პოლიციური საგუშაგოს განთავსება იყო სახელმწიფოს ლეგიტიმური კონსტიტუციური ვალდებულება - დაეცვა საკუთარი მოქალაქეები და არ დაეშვა საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისა და სტრატეგიული სიმაღლეების მითვისება. ამ ნაბიჯის „დანაშაულად“ შერაცხვა და პარტიის აკრძალვის საბაბად გამოყენება ნიშნავს ოკუპანტის მიერ თვითნებურად დაწესებული „საზღვრების“ დე ფაქტო აღიარებას და სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი ვალდებულებების განხორციელებაზე უარის თქმას.

ნებისმიერი მცდელობა, რომ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის დაცვა ქართული მხარის პროვოკაციად შეფასდეს და პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იქცეს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და აფერხებს დეოკუპაციის პროცესს. ამ მოტივით არათუ პარტიის აკრძალვა, არამედ საკითხის ამ ჭრილში პოლიტიკური განხილვაც კი ყოვლად მიუღებელია.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით მანიპულირება დაუშვებელია და დანაშაულია ქვეყნის წინაშე. ეს ყველაფერი მხოლოდ - რუსეთს აწყობს და მხოლოდ მოსკოვის პოლიტიკისთვისაა პოზიტიური მოვლენა“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.