იმ გარემოებაში, სადაც ქვეყანა და საზოგადოება არის, ვერავითარი კვლევები რეალურ განწყობებს ვერ ასახავს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევა, რომელიც პარტიული დაკვეთითაა ჩატარებული, რეალობის ამსახველი ვერ იქნება.

„წარმოდგენა არ მაქვს, ვის მიერ არის კვლევები ჩატარებული. ინფორმაცია არც გუშინ გვქონდა, არც დღეს და არც გვაინტერესებს. ხაზგასასმელია ის ფაქტორი, რომ იმ გარემოებაში, სადაც ქვეყანა და საზოგადოება არის, ვერავითარი კვლევები რეალურ განწყობებს ვერ ასახავს. მაშინ, როდესაც ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ, შეუძლებელია, ეს კვლევები რეალობას ასახავდეს. შესაბამისად, არც გვაინტერესებს, ვის მიერ არის ჩატარებული. ეს კვლევები დღეს რომ ჩატარდეს, ობიექტური რეალობის ამსახველი ვერ იქნება.

თუ ბოლო არჩევნების შედეგებს გადავხედავთ, მაშინ 1%-ს გვიწერდა და არჩევნებზე 8% მივიღეთ. ნებისმიერი დღეს ჩატარებული კვლევა, ობიექტური რეალობის ამსახველი ვერ იქნება, რადგან მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლების გამო ტროტუარზე აკავებენ. როგორ შეიძლება, კონკრეტული კვლევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პარტიული დაკვეთითაა გაკეთებული, ობიექტურ რეალობას ასახავდეს“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს; „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%. 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“. 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.