პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, სამართლიანი არჩევნების ჩატარება ყველანაირ ექსტრემიზმს მოუსპობს განვითარების პერსპექტივას

"ყველანაირად ხელს შევუწყობთ იმას, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა, პროფესიონალებმა იმუშაონ საქართველოში და პირუთვნელი დასკვნა წარმოადგინონ, ისევე, როგორც ეუთომ წარმოადგინა დასკვნა, რომელიც გააფთრებული შეტევის ობიექტად იქცა.

სამართლიანი არჩევნების ჩატარება ყველანაირ ექსტრემიზმს მოუსპობს განვითარების პერსპექტივას, ამის შიში აქვთ ზოგიერთებს. ვფიქრობ, საერთაშორისო დონეზე, ამ საკითხის შეფასება იქნება პოზიტიური", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის: პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა საერთაშორისო დამკვირვებლებს და მათ თანმხლებ თარჯიმნებს შეეხება.

ცვლილებების მიხედვით, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 18 წელს გადაცილებული პირი მიიღებს.

განისაზღვრება მათი თანმხლები თარჯიმნების რეგისტრაციის წესიც. ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების უფლების მიღებას კი თავად ცესკო განსაზღვრავს.

ინიციატივა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ეკუთვნის. სრულად იზიარებენ ინიციატივას მმართველ გუნდში.