საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ისტორიული ცვლილებები განახორციელა, რაშიც წვლილი „რესპუბლიკელებსაც“ მიუძღვით.

როგორც ვოლსკიმ „აიპრესს“ განუცხადა, დავით ბერძენიშვილის განცხადება, აქვს თუ არა „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის ტელეფონის ნომერი არასერიოზულია.

„გადაწყვეტილებები ერთობლივად მიიღებოდა, მათ შორის „რესპუბლიკელებიც“ იყვნენ ჩართულები. არ ვიცი რა ურთიერთობები ჰქონდათ მათ ბიძინა ივანიშვილთან, შესაძლოა ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და უნდა ჰქონოდათ კიდეც, ვინაიდან დიდი ხანია ერთად მოვდივართ. ბოლოს და ბოლოს საქართველოში ისტორიული ცვლილებები მოვახდინეთ, რაშიც „რესპუბლიკელებიც“ მონაწილეობდნენ, მაგრამ სხვადასხვა საკითხებთან ასე მიდებ-მოდება - მე მაქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილის ტელეფონის ნომერი; რომელ ეშელონში ვდგავარ და ა.შ. ეს სერიოზულობასთან აბსოლუტურად შეუსაბამოა. საერთოდ „რესპუბლიკელებს“ გაკეთებული საქმის საკუთარ თავზე მიწერა ახასიათებთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დავით ბერძენიშვილმა „TV პირველის“ ეთერში „რესპუბლიკელებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობებზე ისაუბრა. ბერძენიშვილის თქმით, „რესპუბლიკელები“ იძულებულები იყვნენ ივანიშვილთან ჰქონოდათ ურთიერთობა, ვინაიდან ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა, ამიტომ პარტიის წევრები ივანიშვილს ხვდებოდნენ, რათა ცუდი გადაწყვეტილება დაებლოკათ და კარგი გადაწყვეტილება მიეღოთ. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ფრაქციის თავმჯდომარის ჩათვლით ივანიშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია არ ჰქონდათ. დეპუტატი ასევე აცხადებს, რომ გია ვოლსკის ბიძინა ივანიშვილის ტელეფონის ნომერიც კი არ ჰქონდა.