გარდაიცვალა პირველი არხის გავრცელების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ზურაბ ჭელიძე, რომელიც წლების განმავლობაში იყო უმნიშვნელოვანესი ტექნიკური პროექტების, მათ შორის პირველი არხის ტექნიკური გადაიარაღების პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
ზურაბ ჭელიძე იყო შეუცვლელი პროფესიონალი, რომელიც პირველი არხის ახალი შენობის ტექნიკური აღჭურვისა და გადასვლის უპრეცედენტო პროექტში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. ის როგორც გუნდის წევრი და მეგობარი, უდიდესი დანაკლისია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და როგორც მაღალი რანგის პროფესიონალი, დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის.
ზურაბ ჭელიძე იყო საქართველოში ციფრული მაუწყებლობის დანერგვის პროცესში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მუდმივი წევრი. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყანაში მაუწყებლობის დიგიტალიზაციის პროცესში.
ზურაბ ჭელიძემ 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, იყო გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ჩართული იყო სხვადასხვა სამეცნიერო პროექტში. მან დააარსა საქართველოში პირველი კერძო რადიო „პირველი სტერეო“ და იმავე სახელწოდების ტელევიზია.
"აიპრესი" უსამძიმრებს პირველი არხს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზურაბ ჭელიძის გარდაცვალების გამო - თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს