"კარგი იქნებოდა, რომ ამ ძალიან თბილ წერილში ერთი წინადადებით მოგეწოდებინა, რომ ამას ნუ სჩადიან, რადგან დღეს რუსთაველზე ჩვენი - შენი და ჩემი შვილები დგანან…" - პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილს ეხმიანება, რომელმაც ღია წერილი სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორის, როსტომ ცხვედიანის საპასუხოდ გაავრცელა.
"ეკა, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც მიუხედავად ბიძინასთან დაკავშირებით უკიდურესი იმედგაცრუებისა და გაბრაზებისა, მე და ჩემი ოჯახი დღემდე პატივს გცემთ და გვიყვარხარ…
ამიტომ გეტყვი - ეჭვი ნამდვილად არ მეპარება, რომ გიყვარს შენი ოჯახი. ხარ კარგი დედა და ბებია. საერთოდ ოჯახის ინსტიტუტიც რომ საზოგადოებრივი მშენებლობის ფუნდამენტად მიგაჩნია.
ამასთანავე, ოჯახის ინსტიტუტის მარადიულობის მთავარი წყარო ჩვენი შვილები და შვილიშვილები არიან, რომელთაც დღეს შენი მეუღლის მიერ დაგეშილი “კაცები” თავ-პირს ამტვრევენ, ურეკავენ, აგინებენ, აშინებენ მათ და მათ მშობლებს.
კარგი იქნებოდა, რომ ამ ძალიან თბილ წერილში ერთი წინადადებით მოგეწოდებინა, რომ ამას ნუ სჩადიან, რადგან დღეს რუსთაველზე ჩვენი - შენი და ჩემი შვილები დგანან…" წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
"შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტოვებინა თქვენი ემოციური სატელევიზიო მომართვა ჩემ მიმართ. სამწუხაროდ, ვერც მე და ვერც ჩემმა დამ ვერ შევძელით, ჩვენი ბავშვობის მოგონებებში აღგვედგინა თქვენთან ურთიერთობის სცენები, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვენ იცნობდით ჩემს მამას და ბრძანდებით მისი თაობის წარმომადგენელი, საშუალებას მაძლევს, მოგმართოთ" - ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, როსტომ ცხვედიანის მიმართვას პასუხობს.