ძვირადღირებული მედიკამენტი „ჯაკავი“ ყველა ონკოჰემატოლოგიური და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების მქონე პაციენტისთვის ხელმისაწვდომი
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა - ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების, GVHD რეაქციის, სამკურნალოდ სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტ „ჯაკავს“ დააფინანსებს.
საქართველოს მოქალაქეებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია უფინანსდებათ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. თუმცა, გადანერგვის შემდეგ, პაციენტთა ნაწილს უვითარდება რეაქცია GVHD - „ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გადანერგილი დონორის უჯრედები პაციენტის ორგანიზმს ებრძვიან. ასეთ შემთხვევებში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ მედიკამენტურ მკურნალობას.
საერთაშორისო კლინიკური რეკომენდაციების მიხედვით, აღნიშნული გართულების მართვის ერთ-ერთ საუკეთესო სამკურნალო საშუალებად აღიარებულია მედიკამენტი „ჯაკავი“ („რუქსოლიტინიბი“), რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომელთა დაავადება სტანდარტულ ჰორმონალურ თერაპიას აღარ ექვემდებარება.
შედეგად, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეპარატი „ჯაკავი“ GVHD რეაქციის მქონე ყველა პაციენტს სრულად დაუფინანსდეს.
მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ შესყიდული მედიკამენტი „ჯაკავი“ უკვე ხელმისაწვდომია ყველა ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარისთვის, მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
აღნიშნული ცვლილებები კიდევ უფრო გაზრდის მაღალი ხარისხის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას და პაციენტთა ოჯახების ფინანსურ ტვირთს საგრძნობლად შეამსუბუქებს.








