"შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტოვებინა თქვენი ემოციური სატელევიზიო მომართვა ჩემ მიმართ. სამწუხაროდ, ვერც მე და ვერც ჩემმა დამ ვერ შევძელით, ჩვენი ბავშვობის მოგონებებში აღგვედგინა თქვენთან ურთიერთობის სცენები, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვენ იცნობდით ჩემს მამას და ბრძანდებით მისი თაობის წარმომადგენელი, საშუალებას მაძლევს, მოგმართოთ" - ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, როსტომ ცხვედიანის მიმართვას პასუხობს.
"შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტოვებინა თქვენი ემოციური სატელევიზიო მომართვა ჩემ მიმართ. სამწუხაროდ, ვერც მე და ვერც ჩემმა დამ ვერ შევძელით, ჩვენი ბავშვობის მოგონებებში აღგვედგინა თქვენთან ურთიერთობის სცენები, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვენ იცნობდით ჩემს მამას და ბრძანდებით მისი თაობის წარმომადგენელი, საშუალებას მაძლევს, მოგმართოთ.
უდიდეს პატივს მივაგებ თქვენს თაობას! მადლიერების გრძნობით მინდა, აღვნიშნო, რომ თქვენმა თაობამ, მიუხედავად ბევრი ქარტეხილისა, შეინარჩუნა ჩვენი საქართველო, ქართული ენა და თვითმყოფადობა! დღეს ეს ჩემი თაობის ვალდებულებაა! თქვენ უკვე ბავშვობიდან იწვნიეთ, თუ რას ნიშნავს ომი და ომში დაღუპული გმირების ხსოვნის ტკივილი! თქვენ ასევე კარგად იგრძენით ომის შემდგომი აღდგენის სიმძიმე და მშვიდობის შენარჩუნების სიძნელეები! ცხოვრების ქარტეხილმა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის გაჩაღებული ბრძოლებიც არ მოგაკლოთ და 2008 წლის ომის ტრაგედიაც გადაგატანინათ! ამდენი ტკივილისა და გამოცდილების მქონე თაობას კი, დამეთანხმებით, გაცილებით მეტი მოეთხოვება, ვიდრე ახალგაზრდა სტუდენტს!
ბავშვობიდან კარგად მახსოვს, თუ როგორ ემზადებოდა მამა გეგმური ოპერაციის ჩატარებისთვის. ეს მაგალითი მუდამ თვალწინ მიდგას. სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა მამა, თავისი ცოდნა გაეღრმავებინა და არ კმაყოფილდებოდა არსებული ცოდნით და გამოცდილებით. ეს თქვენი თაობის უნიკალურობაა: შეისწავლო სიღრმისეულად საკითხი, გააკეთო ანალიზი და მხოლოდ ამის საფუძველზე გამოიტანო დასკვნა! სწორედ ასეთი შეხედულება მაძლევს საფუძველს, ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ეს კანონმდებლობა თქვენ არამარტო წაკითხული, არამედ შესწავლილიც გაქვთ! ამიტომ წარმოუდგენლად მიმაჩნია, არ მოგისმინოთ და არ გკითხოთ – გამჭვირვალობის კანონში, კერძოდ რომელი პუნქტი არ მოგწონთ და რატომ?
მე მზად ვარ, შეგახვედროთ სპეციალისტებს (თქვენთვის მისაღებ ფორმატში), რომლებთანაც შეძლებთ დისკუსიას და თქვენი შესწორებების შეტანას ან მათი არგუმენტების შემდეგ, აზრის შეცვლას. ჩემთვის ძალიან ღირებულია თქვენი და თქვენი თაობის, ისევე როგორც თითოეული მოქალაქის აზრი. დღეს, ამ კანონის არასწორმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია საზოგადოების გახლეჩა, ჩემი აზრით კი, ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ დიალოგის ფორმატში უნდა წყდებოდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველას სამშობლოს სიყვარული გვამოძრავებს! მე, პირველ რიგში, ვარ მეუღლე, დედა და ბებია და ჩემთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იყოს მშვიდობა ქვეყანაში და ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც ქალი ქალობს, კაცი კაცობს, დედას დედა ჰქვია და მამას მამა! ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, სადაც ჯვარი იქნება არა უბრალოდ მოდის აქსესუარი, არამედ ჩვენი რწმენის უწმინდესი სიმბოლო, ისე, როგორც აქამდე იყო საუკუნეების მანძილზე!
დღეს, ისევე როგორც 2011 წელს, მე გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს, ვინაიდან ჩემი მეუღლის ინტერესი ყოველთვის სამშობლოს სიყვარულია!
ის ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების, იდენტობისა და თვითმყოფადობის დამცველი, ვინაიდან მამული, ენა და სარწმუნოება მისი არამარტო გენეტიკური კოდი, არამედ სიცოცხლის არსიც არის!
ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს მდგრადი, ერთიანი და ძლიერი, ძლიერი ეკონომიკითა და თავისუფალი ხალხით. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი, თავისი თვითმყოფადობითა და ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ისეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, გარანტირებული იქნება ჩვენი რწმენის თავისუფლება ყოველგვარი თავსმოხვეული ფსევდოიდეოლოგიებისგან. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ასეთივე საქართველო გინდათ! კეთილი სურვილებით, მშობლიური სიყვარულითა და პატივისცემით, ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი“, – ნათქვამია ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილის განცხადებაში.