„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ არ ეწყინება, თუ მას ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ.
ფოფხაძე, ნეპალში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებსაც გამოეხმაურა და ანალოგიურად, მათზეც ამბობს: „მაგათი არავისი ფიზიკური განადგურება არ მეწყინება“.
„პროცესი ნეპალში არ დაუწყია ხალხს, ნეპალის მთავრობამ მიიყვანა ხალხი იმ კონდიციამდე, რომ ასე მოქცეულიყო ხალხი. ახლა ესენი ამბობენ, იგივე არ გააკეთოთო და თავად რატომ აკეთებენ იმავეს, რასაც აკეთებს ნეპალის მთავრობა? რატომ იჭერენ ხალხს ტყუილად, რატომ აყალბებენ არჩევნებს? ამ ყველაფერს აკეთებენ და მერე ამბობენ ნეპალი გინდათ? მე არ მინდა ნეპალი, ნეპალის წინაპირობებს ესენი ქმნიან...
ბიუჯეტი უნდა ძარცვონ, მოსახლეობა გაჭირვებაში უნდა ჰყავდეთ, პუტინს უნდა ემსახურონ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშ უნდა დააყენონ და ჩვენ მერე ნეპალით უნდა შეგვაშინონ? გულწრფელად გეტყვით მაგათი არავის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება. ივანიშვილი არის ჩემთვის ნაძირალა და გარეწარი და თუ ივანიშვილის ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, მე ეს არ მეწყინება... გულწრფელად გეუბნებით. მაგათმა გააჩინეს ეს ემოცია ჩემში, ეს არ არის ის ემოცია, რომელიც ჩემგან მოდის. მე ხომ ვიცნობ ბიძინას, ჭიქა აგვიწევია ერთად, ურთიერთობა გვქონია, დავლაპარაკებივარ და კაცს რომ ამ კონდიციამდე მიიყვან, რომ ამას მაფიქრებინებ. რაც მაგის ტყუილები მახსოვს, გადაგდება, ყველანაირი სიბინძურე მახსოვს, თვალებში გიყურებდა და გატყუებდა, ხალხი უკანონოდ ციხეში ჩასვა, საქართველო პუტინთან წაიყვანა და კაცია ამის მერე? ეს ზიზღი, რაც მე მაქვს, არის ბუნებრივი, გამოწვეული მათი ქცევისგან, ამიტომ ცინიზმს თავი დაანებონ, ისინი აჩენენ ამ აგრესიას. მურტალოს ციტატით ვეტყვი: "ყველა თავის თავს თვითონ იკლავს“. მე მათ მიმართ ძალადობას არ განვახორციელებ, მაგრამ ისინი იმსახურებენ ყველანაირ ძალადობას“ “-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.