რვა პოლიტიკური პარტია უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის საფუძველზეც „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა, ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს.
„ძალიან მიხარია, რომ ვწყვეტ შიმშილობას, რომ ყველა ერთად გადავიდეთ ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მან პარლამენტთან 8 ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადება წაიკითხა, რომელსაც ხელს აწერენ პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა", „ფედერალისტები".
„ჩვენ, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაქეებისათვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, ერთობლივად ვაცხადებთ: 1. უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს; 2. ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული. გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას. ბოლომდე“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 2025 წლის 27 ივნისს საკანონმდებლო ორგანოსთან, რუსთაველის გამზირზე, „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყო - 28 ივნისს კი ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე შეუერთდა და შიმშილობა გამოაცხადა