„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია უერთდება 30 აპრილს გამართულ საზოგადოებრივ შეკრებაზე ხელისუფლებისადმი გაჟღერებულ მოთხოვნებს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია უერთდება 30 აპრილს გამართულ საზოგადოებრივ შეკრებაზე ხელისუფლებისადმი გაჟღერებულ მოთხოვნებს და უახლოეს მომავალში პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ამ მოთხოვნებს შეესაბამება.
როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ის ძალიან დიდ განსხვავებას ხედავს 30 აპრილს გამართულ შეკრებასა და რადიკალური ოპოზიციური ფლანგის მიერ ორგანიზებულ აქციებს შორის.
კერძოდ, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ის თავად იმყოფებოდა 30 აპრილის აქციაზე, სადაც ოჯახებით იყო შეკრებილი გულანთებული პატრიოტი, ნაღები საზოგადოება, ხოლო რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე სიტყვით გამოდიან პირები, „რომლებმაც შეუკვეთეს ან რომლებიც არიან გურამ შარაძის, აფრასიძეების, მოლაშვილების, ია მეტრეველის შვილის - ბუტა რობაქიძის და ბევრი სხვა ქართველის მკვლელები“.
„30 აპრილს ჩატარებულ აქციაზე იყო შეკრებილი გულანთებული, ნაღები ხალხი. ზუსტად ასეთმა ხალხმა გადაარჩინა საქართველო საუკუნეების განმავლობაში. არ ვეთანხმები გაჟღერებულ მოსაზრებას, თითქოს ეს შეკრება მმართველი პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. მე ვიყავი იქ პირადად, და ეს შეკრება მმართველი ძალის მიერ რომ ყოფილიყო ორგანიზებული, ყველა რაიონიდან გამგებლებს 2-3 ათასი კაცი რომ ჩამოეყვანა, ხალხის ტევა არ იქნებოდა. ორიოდე სიტყვა გამომსვლელებზე. ის გამომსვლელები, რომლებიც ბატონი რომანის (რომან გოცირიძე) მხარეს არიან, მათ შეუკვეთეს ან არიან მკვლელები შარაძის, აფრასიძეების, მოლაშვილების, ია მეტრეველის შვილის - ბუტა რობაქიძის და ბევრი სხვა ქართველის. აი, ისინი დგანან რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე. აქ კი, ამ შეკრებაზე იდგა ის ხალხი, ვისაც მინდა მადლობა ვუთხრა, რომლებიც საუბრობდნენ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში, შეაფასა 30 აპრილს აქციის ორგანიზატორების მხრიდან გაჟღერებული ძირითადი მოთხოვნები და აღნიშნა, რომ იგი ამ მოთხოვნებს უერთდება.
„ყველა ამ კითხვასა და მოთხოვნას, რომელიც იქ დაისვა ხელისუფლების მისამართით, მე, როგორც ერთი მოქალაქე, ვუერთდები და კიდევ ერთხელ გავაჟღერებ, რომ მმართველმა პარტიამ გაიგოს:
კანონი ყველას მიმართ თანაბრად აღსრულდეს, მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური თუ სხვა ორიენტაციისა. ჩვენ კანონის წინაშე არავის პრივილეგიებს არ ვცნობთ!
„კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე თანასწორობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და სხვა კანონებით და იგი არ ითვალისწინებს სხვადასხვა პიროვნებების მიმართ განსხვავებულ მიდგომებს“.
7-9 მარტის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდეს, რის შედეგადაც დაზარალდნენ როგორც პოლიციელები, ასევე განადგურდა სახელმწიფოს ქონება, ინფრასტრუქტურა, მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული“.
დეპუტატს მიაჩნია, რომ დაუშვებელია ხელისუფლების მიდგომა მსგავსი ფაქტების მიმართ იყოს ასეთი ლოიალური.
„ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია თავიდან ავიცილოთ“. - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
დეპუტატის აზრით, უმნიშვნელოვანესია პოლიტიკურად აქტუალურ საკითხებთან მიმართებაში გათვალისწინებული იყოს საზოგადოებისა და მოსახლეობის აზრი, რასთან დაკავშირებითაც აუცილებელია ისეთი დემოკრატიული მოდელის არჩევა, როგორიც არის პლებისციტი, რაც უზრუნველყოფს საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას.
„ჩვენ გვაქვს ორგანული კანონი, „რეფერენდუმის შესახებ“, სადაც მე-8 მუხლში გაწერილია პლებისციტის ჩატარების შესახებ ნორმები, რომლის მიხედვით პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და იგი ინიშნება განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად.
იმისათვის, რომ კანონი გახდეს უფრო ქმედითი, ჩვენი ინიციატივით მე-8 მუხლს დაემატოს ჩანაწერი, სადაც აღინიშნება, რომ პლებისციტის მოწყობა შეიძლება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში რაიონული, რეგიონალური თუ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად.
სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების გადასაწყვეტად, ქვეყანაში შემოღებული უნდა იქნეს პლეფისციტის ჩატარების პრაქტიკა. პლებისციტის ჩატარება, ქვეყნის ერთიანობისა და ურყეობის ჩარჩოებში, უნდა შეეძლოთ ცალკეულ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს, გამომდინარე იმ პრობლემებიდან, რომლებიც მათ წინაშე დგას. ნათლად და მკაფიოდ უნდა განისაზღვროს პლებისციტის ჩატარების წესი, ხოლო პროცედურა უნდა იყოს მარტივი“. - მიაჩნია ფრიდონ ინჯიას
მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან 2004-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს.
„სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ ჩვენი „ევროპელი სოციალისტების“ 2008 წლის ომთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, რასთან დაკავშირებითაც „ქართული ოცნების“ მმართველმა გუნდმა დღემდე ვერ მიიღო გადაწყვეტილება“. - განაცხადა დეპუტატმა.
ხელისუფლებამ სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე უნდა იზრუნოს, რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს, სიღარიბეს აღმოფხვრის.
„ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა, მთავრობამ გაატაროს კომპლექსური ღონისძიებები, რაც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის და მმართველი პოლიტიკური ძალის პირდაპირ ვალდებულებას.
აქ მთავარი გზავნილი და ლოზუნგია - საქართველო უპირველეს ყოვლისა, დასაქმება და მინიმალური სახელფასო ზღვარის ამაღლება. საქართველომ მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტში, რომელიც მომგებიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“. - მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.
ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემას და კატეგორიულად მოვითხოვთ, შიდა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმეებში ჩაურევლობის უზრუნველყოფას. მხარეთა შორის ურთიერთობები პატივისცემას და პარტნიორობას უნდა ეფუძნებოდეს.
30 აპრილის აქციაზე გაჟღერებულ მე-5 პუნქტთან დაკვშირებით დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირისა და სხვა ქვეყენების პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საქმეებში ჩაურევლობის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ მიუღებელია გარკვეული ელჩების მხრიდან ისეთ საკითხებში ჩარევა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის შიდა საზოგადოებრივ თემებსა და საკითხებს.
„საქართველოს მთავრობამ და განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადადგას სწორი ნაბიჯები ქვეყნის ღირსების დასაცავად და სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელებს, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გასცეს ღირსეული პასუხი ნებისმიერ მათ ქმედებაზე. მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებითა და შესაბამისი საპროტესტო ნოტების გადაცემით.
წარმოიდგინეთ, ელჩი მიდის და გარაჟები, ფერმები სად რა უნდა აშენდეს ამას წყვეტს. ასეთი რამ საქართველოს რომელიმე ელჩს უკადრებია?“- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება. შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში.
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, „ევროპელი სოციალისტების“ ერთერთ ინიციატივას წარმოადგენს განათლების სისტემაში ფუნდამენტური ცვლილება და ახალგაზრდობის სწორ იდეოლოგიაზე და ძირითად ეროვნულ ღირებულებებზე აღზრდა.
„ერთიან ეროვნულ სასწავლო პროგრამაში- რომლის შემუშავება არის განათლების სამინისტროს პრეროგატივა, შევიდეს ისეთი ცვლილება, რომლის თანახმადაც სასწავლო პროგრამა მორგებული იქნება ახალი თაობის, ეროვნულ, ისტორიულ-კულტურულ საფუძვლებზე აღსაზრდელად“. - აღნიშნა დეპუტატმა.
დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს.
ფრიდონ ინჯია სრულად იზიარებს, რომ ქვეყნისთვის ერთერთ მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს დემოგრაფიული მდგომარეობა, რასთან დაკავშირებითაც „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკურმა ჯგუფმა საპარლამენტო საქმიანობის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა.
„დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. ჩვენის მხრივ ამ პრობლემის გადაჭრისკენ მიმავალ ერთ-ერთ გზას წარმოადგენს, ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი „მოქალაქეობის შესახებ“, რაც ითვალისწინებს მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შესაბამისი ადრესატთა წრისთვის.
აქედან გამომდინარე, მრავალშვილიანი ოჯახები ქვეყნისთვის განსაკუთრებული ზრუნვისა და სტიმულირების საგანი უნდა გახდეს“. - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს და სხვა.
„ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა შესაძლებელია ანტიდისკრიმინაციული კანონის ჭრილში, რამდენადაც დაცული უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის უფლებები მისი ორიენტაციის, გენდერის, წარმომავლობის და სხვა პიროვნული მახასიათებლების მიუხედავად. ლგბტ პროპაგანდით კი ხდება იმ ადამიანების უფლებების შელახვა, რომლებიც არ წარმოადგენენ ლგბტ თემს.
ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივით, უნდა შევიდეს ცვლილება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონში“, სადაც აიკრძალება ლგბტ პროპაგანდა“.- მიაჩნია დეპუტატს.
„ამ დღეებში წარმოვადგენთ კანონპროექტების პაკეტს, რომელიც იკვეთება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახით წარმოდგენილი საზოგადოებრივი შეკრებიდან გამომდინარე, რომელთა ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიც გააჟღერა მონატრებული შეკრების წამყვანმა, პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ ზაზა პაპუაშვილმა“, - განაცხადა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ.