"ევროპულმა საქართველომ" და პარტნიორმა ორგანიზაციებმა მარტის აქციების საქმეზე ბრალდებულების ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის მხარდასაჭერად კამპანია წამოიწყეს და საზოგადოებას ჩართულობისკენ მოუწოდეს.
ისინი ითხოვენ, რომ ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმე განიხილონ არა სანქცირებული სასამართლო კლანის მიერ შერჩეულმა, დანიშნულმა და მართულმა მოსამართლეებმა, არამედ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ.
ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ღირსეულმა საზოგადოებამ არ უნდა დავუშვას, რომ ეს ორი ადამიანი მსხვერპლად შეეწიროს საერთო წარმატებას.
"ეს ადამიანები იხდიან ფასს იმ სიკეთისთვის, რაც ჩვენ ყველამ მივიღეთ: საქართველოს ყველა მოქალაქემ, რასაც ახალი გამოქვეყნებული კვლევაც ადასტურებს, იცის, რომ ეს კანონი საქართველოს ევროპულ მომავალს ფაქტობრივად აუქმებდა. ამ კანონის უკან გაწვევით რეალურად მთელმა საზოგადოებამ, მთელმა პროევროპულმა საზოგადოებამ, საზოგადოების 87%-მა ნახა სიკეთე.
ჩვენ თუ ღირსეული საზოგადოება ვართ, არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ორი ადამიანი მსხვერპლად შეეწიროს საერთო წარმატებას. არ უნდა დავუშვათ, რომ უსამართლოდ მოიქცეს სახელმწიფო და სამართლიანობის უზრუნველყოფის ყველაზე კარგი გზა არის მოქალაქეების ჩართვა პროცესში. ზოგადადაც უნდა გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა და შეეხოს იმ ყველაფერს, რის შედეგადაც ადამიანი შეიძლება ციხეში წავიდეს. იმიტომ რომ ჩვენ ვენდობით მოქალაქეებს და არ ვენდობით ჩინოვნიკებს. განგვსაჯონ მოქალაქეებმა."- ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
კამპანიის წარდგენას ესწრებოდნენ ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი და ბრალდებული თორნიკე აკოფაშვილი. მათ მოქალაქეებს პირველ მაისს ჩანიშნული სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდეს.
"მინდა ვთხოვო ყველა ორგანიზაციას - არასამთავრობოს, ახალგაზრდებს, პარტიებს, პირველში მობრძანდით სასამართლოსთან, რათა სასამართლომ ის გადაწყვეტილება არ მიიღოს, რაც ზემოდანაა ნაკარნახები და იქნებ, მოსამართლე ცოტა დავაფიქროთ თავის გადაწყვეტილებებში. ამისთვის მჭირდებით ბევრი ხალხი. ძალიან გთხოვთ მოდით და დაუდეგით ლაზარეს და თორნიკეს - ახალგაზრდა, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებულ ბიჭებს გვერდში".- აცხადებს ლაზარე გრიგორიადისის მამა.
კამპანიაში მონაწილეობისთვის საჭიროა ჩაწეროთ ვიდეო მიმართვა და გამოაქვეყნეთ ჰაშთაგით - #განსაჯოსსინდისმაერისა
#თავისუფლებალაზარეს
#თავისუფლებათორნიკეს"