„ხალხის ძალის“ სახელით მინდა გავაკეთო განაცხადი, რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი ევროპა, რომელიც დაფუძნებული იქნება ისეთ დეკმოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებზე, რომელიც  ემსახურება საქართველოს და ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას და იმ ტრადიციული კულტურის დაცვას, რომლებზეც დგას ნებისმიერი ქვეყანა და, მათ შორის, საქართველო.  ასეთი სპეკულაციური გამოსვლები, დათქმები და ქმედებები, რომლებიც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გვესმის,  არის ქართველი ხალხის ამ მიზნისკენ სვლისკენ ხელის შეშლა და სპეკულაცია, რომელიც არის უპასუხისმგებლო და რომელიც არანაირად არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს,“- განაცხადა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით  პრემიერ-მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს.

მისი თქმით, დღეს მმართველი უმრავლესობა, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ რეალობად და ხელშესახებ შედეგად იქცეს ქართველი ხალხის სანუკვარი მიზანი და მისწრაფება - საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მაშინ როდესაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელისშეშლის მეტს არაფერს აკეთებს.

„თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია და ევროკავშირში გაწევრიანება, მხოლოდ ცარიელი განცხადებები საკმარისი არ არის, საკმარისი არ არის მხოლოდ მკერდზე მუშტის რტყმა, როგორც აქ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აკეთებს და მხოლოდ იმის განცხადება, რომ ევროპა გვინდა. ევროპა თუ გვინდა, უნდა ვიშრომოთ ამისათვის და გადავდგათ რეალური ნაბიჯები, რომ ეს მიზანი ხელშესახები გახდეს. ასე რომ ჩვენ, უმრავლესობაში ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევასრულოთ ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ დაგვისახა, რომ მოგვანიჭოს სტატუსი. ამასთანავე, გარკვეულწილად მივიჩნევთ, რომ თავის დროზე ეს დათქმებიც ძალიან უსამართლო იყო იმ ფაქტის გათვალისწინებით, თუ გავიხსენებთ იმას, რომ მოლდოვას უპირობოდ მიანიჭეს ეს სტატუსი, ხოლო საქართველოს ძალიან უსამართლოდ უარი ეთქვა ამ სტატუსზე. თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ევროპა საბოლოო ჯამში მაინც სამართლიანად დაუჭერს მხარს საქართველოს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.