„ქალთა პოლიტიკაში და ეკონომიკაში მონაწილეობის გაძლიერების აქტიური მომხრე ვარ. ეს კარგია როგორც ქვეყნისთვის, ასევე, ზოგადად, ქალთა წინსვლისთვის“, - ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
ეკა სეფაშვილმა ისაუბრა „გირჩის“ ინიციატივაზე, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს და აღნიშნა, რომ ამით ქალები საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას კიდევ უფრო უკეთესად შეძლებენ.
„ზოგადად, ქალთა კვოტირების საკითხი ყველა ქვეყანაში (მათ შორის, დასავლეთის წამყვან ქვეყნებშიც ასე იყო), ყოველთვის დროებითი ღონისძიების სახეს ატარებს. მისი მიზანია აქტიური ქალები გამოავლინოს და ასევე, ქალთა აქტიურობას, ერთგვარად, ბიძგის მისცეს. ქალთა აქტიურობა საქართველოში ყოველთვის შესამჩნევი იყო. 1919 წლის პირველი პარლამენტის არჩევისას იქ ხუთი ქალი იყო, რომელმაც დეპუტატის მანდატი მიიღო. ასე რომ, ამ საკითხის პრობლემა საქართველოში ნამდვილად არ დგას. თუმცა, ამ დროებით ზომაში, კვოტირებაში, რომელიც, ქალთა პოზიტიურ დისკრიმინაციას გულისხმობს, რათა ქალებმა შემდეგ უკვე მის გარეშე, თავიანთი პიროვნული და პროფესიული ღირსებების საფუძველზე, დამოუკიდებლად შეძლონ სიებში მონაწილეობის მიღება, ცუდი არაფერია. მით უმეტეს, რომ კანონში არსებობს ის ფინანსური წახალისება, რაც პარტიულ სიაში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობას გულისხმობს.
მაგრამ, „გირჩის“ ინიციატივაში, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმების ითვალისწინებს, ქალებისთვის დიდ ხელისშემშლელ ბარიერს ვერ ვხედავ. პირიქით, პოზიტიური დისკრიმინაციის გაუქმება კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს იმას, რომ ქალთა წარმომადგენლობას შეუძლია ისედაც თავისი სიტყვა თქვას ქვეყნის განვითარებაში და მათ რაიმე დამატებითი ღონისძიებები არ სჭირდებათ იმისთვის, რომ თავი სათანადოდ წარმოაჩინონ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ცნობისთვის, „გირჩის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებით, სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ აქვს - ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს მიიღებს