ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა შედეგებით - განსაკუთრებით, თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი

1633274400
"მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული სიმტკიცე, ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, იმისთვის, რომ მან თავისი მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს".
ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა მას “დააბარა ის, რაც დააბარა” და ამასთან დაკავშირებით წერილს მოგვიანებით გაავრცელებს.
"სრულიად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით, რაც ვუთხარი. განსაკუთრებით, თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი. ესმის, რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და არაჩვეულებრივად იცის გაყალბების, შანტაჟისა და მოსყიდვის ფონზე, როგორი მისაღწევია ასეთი შედეგის გაფორმება, თორემ, იცის, რომ გაცილებით დიდი და მაღალი პროცენტია მთლიანად ოპოზციის მაჩვენებელი.
მე მას ვკითხე, რამდენად სწორად მიაჩნია მეორე ტურში მონაწილეობის მიღება და ვკითხე არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ინტერესი დამეკმაყოფილებინა, იმიტომ, რომ არსებობს ეს კითხვები - როდესაც ის საპატიმროშია, როგორ წარმოუდგენიათ მის მხარდამჭერებს მეორე ტურში მონაწილეობა. ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის გაუმართლებელი, ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს და განსაკუთრებული სიმტკიცე, ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, იმისთვის, რომ მან ეს თავისი მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს”, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილს არ გაკვირვებია უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადება.
“იცით, რომ მათ მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ. ის დარწმუნებული იყო მის ასეთ პოზიციაში. მიიღო, როგორც მოცემულობა და ასევე, დამაბარა ის, რაც დამაბარა, თუ რა, მოგვიანებით გავავრცელებთ წერილს”, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის გზებს, ეკა ხერხეულიძის განმარტებით, ნაწილობრივ ამაზე ისაუბრეს.
“რაღაც ნაწილი ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მე თავს უფლებას არ მივცემდი და არ ვიკადრებდი იმას მეკითხა, ის ნიუანსები, რა გზა გამოიარა. ვიცი, რომ ძალიან რთული გზა გამოიარა, მაგრამ იმ რეალობასთან კავშირი არ აქვს, რა ინფორმაციასაც თქვენ ფლობთ და ეს კარგია. კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ამ ხელისუფლებას სახე არ აქვს და არ აქვს არანაირი ინსტიქტი, მართოს ქვეყანა, თუნდაც ამ ფაქტორების გათვალისწინებით, იმიტომ, რომ ვერტიკალი მთლიანად ჩამოშლილია და ვერაფერს აკონტროლებენ. ბევრი იცინა იმაზე, რომ ხელისუფლების განცხადებით, ის თურმე დღენახევარი იმყოფებოდა საქართველოში”, - თქვა ეკა ხერხეულიძემ.