არ მახსენდება, მათ შორის კრიტიკულ დღეებშიც კი, რომ ამდენი ადამიანი გამოსულიყოს, გარდა გამონაკლისი დღეებისა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ სხვა რეალობაში ვართ. საქართველოში უკვე ევროპაა,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან განუცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან.
„ბოლო ოცი წელია ყველა პოლიტიკური პროცესის მონაწილე და ბევრი აქციის ორგანიზატორი ვარ და მე არ მახსენდება ამდენი ახალგაზრდა ქუჩაში ერთი კანონის წინააღმდეგ - ეს კანონი საკუთარი ქვეყნის მომავალთან ასოცირდება. არ მახსენდება, მათ შორის კრიტიკულ დღეებშიც კი, რომ ამდენი ადამიანი გამოსულიყოს, გარდა გამონაკლისი დღეებისა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ სხვა რეალობაში ვართ. საქართველოში უკვე ევროპაა და ევროპაში საქართველო ამ თაობით შევა და სულ ტყუილად ჰგონია “ქართულ ოცნებას”, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს ზურგს შეაქცევს და კურსიდან გადაუხვევს. ეს არის სრულიად ახალი რეალობა, ახალი საქართველო ევროპულ გზაზე და თუ ვერ ხვდებიან, რომ უკვე ძალიან სევდიანი დასასრულისკენ მიდის “ქართული ოცნების” პოლიტიკური ისტორია, თვითონ ამას ძალიან მწარედ იგემებენ. აი, როდესაც ბავშვებს წყლის ჭავლებით, რეზინის ხელკეტებით და კუნთმაგარი ადამიანებით ებრძვი და ასე გინდა, რომ ისინი მოიგერიო, ეს მარცხია და მარცხი იყო 29 აპრილს, რაც აქ ხდებოდა”, - განაცხადა ბესელიამ.