პირველი ივნისი გამოცხადდა თარიღად, როდესაც პარტიებმა უნდა განაცხადონ თანხმობა, რომ ქარტიას უერთდებიან, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. 

„სიახლე, რაც მინდოდა გამეზიარებინა არის ის, რომ პირველი ივნისი გამოცხადდა თარიღად, როდესაც პარტიებმა უნდა განაცხადონ თანხმობა, რომ ქარტიას უერთდებიან. მისი ოფიციალური, ხელმოწერის ნაწილი პრეზიდენტის მხრიდან იგეგმება, რომ იყოს ორშაბათი. ანუ ორშაბათს გავიგებთ, ვინ აწერს ხელს ქარტიას.

ამ დოკუმენტის, ქართული ქარტიის, შინაარსი და განწყობა ძალიან მომწონს. პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი, გზამკვლევი დადო ქართველი ხალხისთვის და პირველ რიგში, ქართველი ხალხის ნდობა სჭირდება ამ დოკუმენტს. ცხადია პოლიტიკური პარტიებისაც, ამ დროისათვის, რაც მე ვიცი და ეს კონსულტაციებიც ყოველდღიურად იმართება, არ ვიცი არავინ, ვინც ამბობს არას, გარდა სახელისუფლებო, ან მასთან პირადად დაკავშირებული პარტიებისა. ვიცი, უმეტესი პარტიების პოზიცია, მოვისმინე პირადად, რომ ისინი ქარტიის პრინციპებს ეთანხმებიან. ქარტია, რომელიც არის პრეზიდენტის პროდასავლური ფრონტის და ევროკავშირის დღის წესრიგის ამსახველი მთავარი ხედვა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და განაცხადა: საჭიროა, სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა! - ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე!