"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიმართ პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო - მიზეზი, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობაა.
2025 წლის 25 მარტს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლის კიდევ ერთი საქმე - შპს „მაგნატის“ საქმე განიხილა.
შპს „მაგნატის“ საქმესთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. იმის გამო, რომ მამუკა ხაზარაძემ უარი განაცხადა კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე, კომისიის წევრებმა მისი საქმის პროკურატურაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა „სისხლის სამართლის კოდექსით“ ისჯება და ამისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა სასჯელი, მათ შორის, ერთ წლამდე პატიმრობა.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ "ფეისბუკში" დაწერა - დღეს არალეგიტიმური პარლამენტში მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა არ ვაპირებ!