დიმიტრი ცქიტიშვილი: გახარია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია და ის გაამრავალფეროვნებს პოლიტიკურ სპექტრს

1616672890
გახარია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია და ის გაამრავალფეროვნებს პოლიტიკურ სპექტრს, - ამის შესახებ მეცხრე (წინა) მოწვევის პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"ფაქტი არის ერთი, გახარია შემოდის პოლიტიკაში ძალიან მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერით. ფაქტია, რომ მას ეს აქვს. ის არის ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი საქართველოში. რამდენად შეძლებს ძლიერი პოლიტიკური სუბიექტის ჩამოყალბებას - ძლიერი არა ორგანიზაციული, არამედ დღის წესრიგით. მე რაც ყველაზე მეტად მომხვდა ყურში და რაც მენიშნა პოზიტიური თვალსაზრისით არის ის, რომ "ტვიტერზე" მან გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დამთავრდეს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი განაცხადია.
მე არ ვიცი, ამას როგორ შეძლებს და შეძლებს თუ არა. ძალიან მალე, მისი პოლიტიკური აქტივობისას გამოჩნდება, ის არის ვინმეს კონტროლირებადი თუ დამოუკიდებელი მოთამაშე. ამას დრო გვაჩვენებს. კონსპირაციები არ არის საჭირო. ხალხის დიდ ნაწილს მოსწონს და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, რომელმაც შესაძლოა განსხვავებული პოლიტიკური ლანდშაფტის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. რამდენად იქნება ძლიერი, ვერ გეტყვით. ვინ იქნება მასთან ერთად, ამაზეც არ მაქვს წარმოდგენა, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაამრავლფეროვნებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.