საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პოლონეთი საქართველოს მიმართ არამეგობრულია.
"ამ რეკომენდაციების პოლიტიკურ შემადგენლებზე მეტყველებს ის, რომ ქალბატონი გჟებიკი, რომელიც არის ამ რეკომენდაციების მთავარი ავტორი, არის არა დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ პოლონეთის მთავრობასთან ასოცირებული პირი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს დოკუმენტი იყო წინასწარ დაწერილი და არა ის, რომ ექსპერტმა ორ დღიანი სტუმრობით შემოგვთავაზა 200 გვერდიანი რეკომენდაციები.
პოლონეთის მთავრობა დასავლურ ბიუროკრატიაში არის ერთ-ერთი აქტიური, ჩვენ მათგან გვახსოვს არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, მაგალითად ის, რომ ისინი აქტიურად ლობირებდნენ მიხეილ სააკაშვილს.
პოლონეთის ექსპერტი წინდებით ეზიდებოდა "ვივამედიდან" ბიოლოგიურ მასალას, რომ დაემტკიცებინა ის, რაც რეალურად არ არსებობდა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, რომ ის იყო წამების მსხვერპლი,"- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
"ქართულ ოცნებაში" კიდევ უფრო მეტ ეჭვს, თავად ექსპერტის ვინაობა ბადებს. უმრავლესობის წარმომადგენლები იხსენებენ, როგორ იყვნენ პოლონელები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სქემაში ჩართულები.
რამდენად დამოუკიდებელია ექსპერტი, რომელმაც მოსკოვის მექანიზმის დასკვნას ხელი მოაწერა. ირკვევა, რომ პატრიცია გრიზე-ბიკი პოლონეთის მთავრობის მრჩეველია.
საბოლოოდ ჩნდება კითხვა, მოსკოვის მექანიზმი რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტია, თუ მორიგი დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დასკვნას რეალობასთან კავშირი არ აქვს და მისი ერთადერთი მიზანი, კრიზისში მყოფი ოპოზიციის დახმარებაა. მით უმეტეს, რომ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ეუთოს 57 წევრი ქვეყნიდან 34-მა მხარი არ დაუჭირა.








