დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფერეიდნელებისათვის საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოპოვების პრობლემებთან დაკავშირებით წარდგენილ საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის მიერ ხელმოწერილ პეტიციის  შესწავლის თაობაზე იმსჯელეს.

როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა, პეტიციის ავტორია ა(ა)იპ „ფერეიდნიდან საქართველომდე“ და მასში საუბარია იმის თაობაზე, თითქოს სხვა ეთნოსების წარმომადგენლები უფრო ხშირად იღებენ მოქალაქეობასა და ბინადრობის უფლებას, ვიდრე ფერეიდნელი ქართველები, რაც  სიმართლეს არ შეესაბამება.


„ყველა გადაწყვეტილებას, მათ შორის, უარის თქმას, თავის კანონიერი საფუძველი აქვს. ჩვენთვის  არ არსებობს სხვაობა თურქეთში მცხოვრებ ჩვენებურებს, ფერეიდნელ ქართველებს,  საფრანგეთში თუ სხვა ქვეყნებში დაბადებულ და გაზრდილ ქართველებს შორის. ასე რომ, პეტიციაში მოყვანილი ეს პასაჟი, თავიდანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასწორია, თუმცა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, როდესაც 300-ზე მეტი ადამიანი მოგმართავს. სწორედ ამიტომ, ჩვენი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და აღმოვაჩინეთ, რომ 300-ზე მეტი ადამიანი არის საქართველოს მოქალაქე. აქედან გამომდინარე, ცოტა გაუგებარია, რატომ მოგვმართავს და რატომ წერს პეტიციას უკვე მოქალაქე. ეს ისეთ შეგრძნებას აჩენს, რომ ეს პროცესი ხელოვნურია და მას პეტიციის ავტორები მართავენ.
ქართული სახელმწიფოსთვის, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, საქართველოს პარლამენტისთვის და  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისთვის არ არსებობს არანაირი სხვაობა არც ერთ ჩვენს თანამემამულეს შორის, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს. ჩვენ ყველას მიმართ ვმოქმედებთ ერთიანი მიდგომით. ამიტომ, მექნება კონსულტაციები შესაბამის სააგენტოსთან და უწყებებთან. აუცილებლად უნდა გავერკვეთ სტატისტიკაში. კომიტეტი საკითხს სიღრმისეულად შეისწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ გავაცნობთ ჩვენს გადაწყვეტილებას პეტიციის ავტორებს“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

კომიტეტი გადაწყვეტილებას რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში პეტიციის ავტორებს აცნობებს.