დღეს საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღეა. ედუარდ შევარდნაძეს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. შევარდნაძე 1928 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაიბადა.
შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი 1995-2003 წლებში იყო. იგი თანამდებობიდან 2003 წლის 23 ნოემბერს "ვარდების "რევოლუციის" დროს გადადგა. სიცოცხლის ბოლო წლები კრწანისის რეზიდენციაში გაატარა. ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნისა „ჩემი არჩევანი“, სადაც მისი პოლიტიკური კარიერა, გაუხმაურებელი ფაქტები და მოვლენებია აღწერილი. შევარდნაძე 2014 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალულია კრწანისის რეზიდენციაში, თავისი მეუღლის გვერდით.
შევარდნაძე 1985-1990 წლებში იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. 1990 წელს თანამდებობიდან გადადგა, თუმცა 1991 წელს მიხეილ გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა თანამდებობას და რამდენიმე თვე იმუშავა. 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი, 1992-1995 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე.მის სახელს უკავშირდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და დემოკრატიული რესპუბლიკის გაერთიანება, რა დროსაც ბერლინის კედელი დაინგრა. ამ პროცესში მან დიდი როლი ითამაშა.
შევარდნაძის მმართველობის პერიოდში საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ბოლო პერიოდში ვითარება დასტაბილურდა, თუმცა მისი პრეზიდენტობის ბოლომდე ქვეყანაში იყო კორუფცია. 2003 წელს თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, სად მიდიოდა, რაზეც შევარდნაძემ უპასუხა "სახლში". ეს შევარდნაძის ცნობილი ფრაზაა.