კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყოველი დანაშაულით ისრაელი თანდათან საფრთხეს უქმნის საკუთარ არსებობას და ერის მომავალს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ისრაელ-ირანის კონფლიქტის შესაჩერებლად ინტენსიურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც პირადად, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მეშვეობით.

„ჩვენ ნათლად ავუხსენით ჩვენს ყველა თანამოსაუბრეს, რომ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია, მათ შორის, ხელშეწყობის კუთხით. ისრაელი, რომელიც ირანს ესხმის თავს დასავლეთის შეუზღუდავი მხარდაჭერით, ანადგურებს ღაზას და ყველა ქვეყანას აშინებს რეგიონში, სინამდვილეში არ იცის რას აკეთებს. შესაძლოა, მომავალში გააცნობიეროს თავისი შეცდომა, მაგრამ ვშიშობთ, რომ მაშინ უკვე გვიან იქნება.

სინამდვილეში, პალესტინელი ხალხისა და მათი მიწებზე თავდასხმა არ არის ინციდენტი, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ იქ მყოფი რამდენიმე მილიონი ადამიანით. ანალოგიურად, ირანულ მიწებსა და ხალხის თავდასხმა არ არის საქმე, რომელიც ეხება მხოლოდ ირანის სახელმწიფოს. ჩაგვრის ყოველი აქტით, სისხლის ყოველი დაღვრილი წვეთითა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყოველი დანაშაულით, ისრაელი თანდათან საფრთხეს უქმნის საკუთარ არსებობას და ერის მომავალს“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აუცილებელია.

„ყოველდღე უფრო ნათელი ხდება, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმას რეალურად აქვს ძალიან ყოვლისმომცველი და მზაკვრული მიზნები. ჩვენ თავიდანვე ვამტკიცებდით, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დისკუსია მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა წარიმართოს. ჩვენ დღესაც იმავე პოზიციაზე ვართ“, – განაცხადა ერდოღანმა.