"ის რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს." - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს:

"რამდენადაც სწორად არ უნდა ეჩვენებოდეს ვინმეს საკუთარი პოზიცია, ეთიკისაგან სრულიად დაცლილი მეთოდით მოქმედება, სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას.

ის რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს.

დღეს ისმის კატეგორიული მოთხოვნა მოყვასისადმი -ჩემს შეხედულებას თუ არ იზიარებ, ქვეყნის მტერი ხარ, ესეც ძალიან ჰგავს, "ხალხის მტრებად" გამოცხადების კამპანიას უახლეს წარსულში.

დღეს გავრცელდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწოდება ურთიერთ პატივისცემასა და ურთიერთ სიყვარულის შესახებ, მეტი სიყვარული და წინდახედულობა გვმართებს.

ყველანი უნდა შევებრძოლოთ სიძულვილს და არა ერთმანეთს. მთავარი მტერი კაცობრიობისა არის ურთიერთგაუტანლობა.

სიყვარულის მქადაგებელი ანდრია პირველწოდებული იყოს ჩვენი მფარველი!"

ტაძარში ვიყავი, ნათლობა უნდა დამეწყო ახლა და ჯგუფმა ჩამოიარა და ტაძარში მოგვივარდნენ, დამიწყეს ჯერ ყვირილი. მოღალატეებო გამოდით, ეკლესიის მტრებო გამოდით, ქვეყნის მტრებო გამოდით - ჩვენ გვეუბნებიან მოღალატეებს, ქვეყნის მოღალატეს მეძახიან, რატომ მეძახიან მოღალატეს, რა გავაკეთე? -  ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ, ვიდეომიმართვაში განაცხადა.