საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში აფასებს იმ გამოხმაურებებს, რაც რუის ურბნისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის (აქიაშვილის) მიერ ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ განცხადებას მოჰყვა:

"მეუფე იობის ქადაგების შემდეგ, ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მის მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.

საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი.

აზრის გამოთქმა, თუნდაც კრიტიკა, კორექტული და არგუმენტირებული შეიძლება იყოს, შეურაცხყოფის გარეშე",- წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ: მეუფე იობმა საკვირაო ქადაგებისას ხელისუფლების მისამართით განაცხადა:

"უშეცდომო არავინ არაა, არც ხელისუფალი და არც ადამიანი. ჩვენ თუ არ მივუთითეთ მთავრობას რა შეცდომები აქვთ დაშვებული, სხვის მითითებას ისინი ვერ გაიგებენ.[...]

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება, ნუ, დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები, ასევე უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში. იმიტომ, რომ არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები, აღარ არის ქვეყანაში, გადაყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს, რომ ეკონომიკურად გაძლიერდეს ქვეყანაო. [...]

კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა, იჭერენ შემდეგ, თითქმის მთელი მთავრობა ციხეშია - პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის მინისტრი... და სხვა მეზობელი ქვეყნები იცინიან ჩვენზე, დაგვცინიან, ტერიტორიები დავკარგეთ და ხმას არავინ არ იღებს, დავით-გარეჯი ჩვენთვის მეორე იერუსალიმია".