რუსეთთან რადგანაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ურთიერთობა გრძელდება და ის გაგრძელდება, ეს ფაქტია, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც რუსეთი საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს.
„ჩვენ თუ მოწვევას ვუწოდებთ, რაიმე კონკრეტულ თარიღს და ამისთვის სამზადისის დაწყებას, ასეთი რამე არ ყოფილ. თუმცა, ნებისმიერი ეკლესია როდესაც ჩამოდის, ან ჩვენ როდესაც ვსტუმრობთ მათ, ყოველთვის არის საუბარი, რომ საპასუხო ვიზიტი შედგეს. თუმცა კონკრეტული რაიმე არ ყოფილა. არ არის გამორიცხული, მაგრამ დღეს არაფერია ამის შესახებ კონკრეტული. ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა არასწორად აღიქმება, აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯის ადამიანი. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს. რუსეთთთან რადგანაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც. ურთიერთობა გრძელდება და ის გაგრძელდება, ფაქტია ეს. ბევრი რამ ხდება სხვადასხვა ეკლესიებში, რომელიც მიუღებელი შეიძლება იყოს და ჩვენ ეს არ გავიმეოროთ და არ მივესალმოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევწყვიტოთ ურთიერთობა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
კითხვაზე, რა იყო საუბრის მთავარი თემა რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან, ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ ეს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგებას შეეხებოდა.
„უმთავრესი საკითხი, რაც კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამისგან წამოიჭრა და იყო ამ საუბრის მთავარი ღერძი გახლდათ ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი დევნილი მოსახლეობა, ის, რომ საქართველოს ეკლესიას იქ მსახურების განხორციელება არ შეუძლია და მოსახლეობას არ შეუძლია გასვლა, თუნდაც განსაკუთრებულ დღეებში, მათი წინაპრების საფლავებზე. ამ კუთხით იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია, გამოინახოს რაღაც გზები და ნაბიჯები, რომ ოდნავ მაინც რაღაც პოზიტივი შემოვიდეს. ჩვენ გვესმის, რომ ეკლესიას არ აქვს იმის ძალა, ოკუპაცია გააუქმოს, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა თვითონ წარმართოს, ასე რომ, გარკვეულწილად პოლიტიკური გარემოებების მძევლები ვართ. თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ქართველი მოსახლეობაა რუსეთში, ისინი აღმსარებლები არიან, რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე. თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში. ოკუპირებული ტერიტორიები ძირითადი საკითხი დარჩება ისევ სასაუბროდ, რომ იქ საეკლესიო ცხოვრება მოწესრიგდეს, ასე რომ, თემები ბევრია“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.







