საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის ტერიტორიაზე 25 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს. კერძოდ, გუშინ გავრცელდა მედიაში ინფორმაცია და კადრები, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ტაძართან გადაადგილდებოდნენ.
„ეს სასაზღვრო პატრული ამოდის ხოლმე ამ ტერიტორიაზეც. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქსნის ხეობის ოკუპაციის შემდეგ, ახალგორის ოკუპაციის შემდეგ, პირობითი ე.წ. საზღვარი, აი, ამ ქედზე გაატარეს რუსმა სამხედროებმა. „ადმინისტრაციული ზოლი“ და ეს ე.წ. საზღვარი ამ ჩვენს წმინდა გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის. კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქ ამოდის პატრული, ქედის იქითა მხარეს არის უკვე ქსნის ხეობა და აქედან ჩანს კიდევაც რუსული ბაზა. მათ მორიგეობა აქვთ აქ, ამოდიან და ეს გუშინ გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა.
ერთი უცნაურობა ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა ააფრინეს დრონი. თუმცა დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა, ბაზიდანაც შეუძლიათ ამ დრონის აფრენა და ყოფილა ეს შემთხვევებიც. ამ ტერიტორიის დათვალიერება დრონის საშუალებით ხდება მუდმივად. ეს არის სასაზღვრო ზოლი და აქედან გამომდინარე, ამ სასაზღვრო ზოლზე ყოველთვის არის საფრთხეები. სამწუხარო რეალობაა, რომ ქსნის ხეობა დაკავებული აქვთ რუს ჯარისკაცებს და ეს ხეობა ოკუპირებულია დროებით”, – ამბობს ანდრეა ჯაღმაიძე.
მისივე თქმით, ლომისის წმინდა გიორგის ტაძარი რამდენიმეა საქართველოში და არასწორად ხდება ინფორმაციის გავრცელება, რადგან ის ტაძარი, რომლის კარიც რუსმა ოკუპანტებმა აჭედეს, სოფელ კირბალშია, მლეთაში კი სხვა ტაძარია.
„მოკლედ გეტყვით, რა მოხდა იქ. სოფელ კირბალში, რაღაც პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იყო გადასვლა და მომლოცველები დადიოდნენ იმ ტაძარში, მაგრამ შემდეგ ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ იქ მიეღოთ [რუს საოკუპაციო ძალებს] მკაცრი ზომები, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა. ასეთი ტაძარი რამდენიმე გვაქვს გორში”, – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.
დეკანოზი, ანდრეა ჯაღმაიძე მოუწოდებს ხალხს, „ნუ გაამწვავებენ სიტუაციას“.
„დაუფიქრებელი, მოუზომელი, ვითომ პატრიოტიზმის სახელით და პათოსით ააფრიალეს ქართული დროშა [კირბში] და საერთოდ დაიკეტა ის ტაძარი. ეს არის საფრთხილო ზონა, ოკუპირებული ტერიტორიის სასაზღვრო ზონა და ეს ტერიტორიები კარგად ვიცით, როდის დაიკარგა და 2009 წლის მერე ეს პატრულირება ხორციელდება და არ არის ახალი ეს ამბავი“, – ამბობს ანდრეა ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ: 24 ოქტომბერს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორის თანახმადაც, რუსი ჯარისკაცები ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში არიან და ტერიტორიას მლეთის ხეობიდან ზვერავენ – იყენებენ დრონებსა და სხვა ტექნიკას.
ჯერჯერობით, არც სუსს, არც შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ოფიციალური განმარტება ფაქტთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.