„მეღვინეობის „VINE ERA“ წარმატება კერძო ინიციატივისა და ინვესტიციის სახელმწიფოს მხრიდან პროგრამული მხარდაჭერის საშური მაგალითია“, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა „VINE ERA“ -ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობის და პარლამენტის წევრებთან ერთად დაესწრო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ღვინის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტის წარმოების სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობით მიღებულ შედეგებზე ისაუბრა. მინისტრმა ხარისხიანი პროდუქციის შექმნის სტიმულირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაპირება რჩება უცვლელი - კიდევ უფრო დაფასდება ხარისხი, კიდევ უფრო დაფასდება შრომა.
,,ღვინო დღეს ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ და გააზრებულად, თანმიმდევრულად მივდიოდით. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ვენახების ფართობი რამდენჯერმე არის გაზრდილი.
ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი მინიმუმ ხუთჯერ გაიზარდა სამიზნე ბაზრებზე, ხოლო 2024 წელს დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული შემოსავლები, რომელმაც ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება ხელშემწყობი პროგრამების სრული სიმძლავრით ამოქმედების შემდეგ.
ჩვენ მევენახეობა-მეღვინეობის გულში ვართ შეკრებილები - კახეთში, გურჯაანის ისტორიულ სოფელ ვაჩნაძიანში. ამ მამულის თავკაცები ქართულ ვაზსა და ღვინოზე შეყვარებული ხალხია და ამიტომაც თავის მეღვინეობას „VINE ERA“ (ვაინ ერა) - ღვინის ერა, ღვინის ეპოქა დაარქვეს.
ამ მეღვინეობის წარმატება კერძო ინიციატივისა და ინვესტიციის სახელმწიფოს მხრიდან პროგრამული მხარდაჭერის საშური მაგალითია. ჩვენი ამოცანაა, რომ სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები კიდევ უფრო მოქნილი და ორიენტირებული გახდეს ფერმერისა და მევენახის საჭიროებებზე.
ყველამ კარგად დაინახა, როგორ ხდება სახელმწიფოს მხრიდან გადააზრება ყველა იმ მოთხოვნის და საჭიროების, რომელიც ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის უკეთეს მოდელს გვთავაზობს.
წელს რთველი სრულად ორიენტირებულია მევენახეზე და კონკრეტულ ფერმერებზე. დიახ, ჩვენ უკეთ გვესმის მოსახლეობის დაკვეთა და უკეთ ვპასუხობთ ყველა გამოწვევას. სუბსიდირების პროგრამა მთლიანად ორიენტირებულია ხარისხიანი პროდუქციის შექმნის სტიმულირებაზე.
რას მივიღებთ შედეგად? მივიღებთ უკეთეს ვენახებს, ხარისხიან ყურძენს და უმაღლესი ხარისხის ღვინოს, საკუთარი ადგილით ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების დახლებზე.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ინიციატივისთვის და უმოკლეს ვადებში რეფორმის მომზადება-განხორციელებაში სრული ნდობის გამოცხადებისთვის.
ჩვენი დაპირება რჩება უცვლელი - კიდევ უფრო დაფასდება ხარისხი, კიდევ უფრო დაფასდება შრომა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.