„დღეს განსაკუთრებული დღეა საქართველოში. ამ დილით ჩვენ თბილისში საზეიმოდ გავხსენით ჩვენი სახელოვანი, გმირი, თავდადებული მეფე ერეკლეს ძეგლი, რომელიც არის უტეხობის, ბრძოლის, გამარჯვების და შენების სიმბოლო. მისი ღვაწლი და ცხოვრება დღეს ყველა ქართველისთვის მაგალითად უნდა იქცეს, ვინაიდან ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანები, ეროვნული მისია დღესაც ქვეყნის თავისუფლებასა და გამთლიანებას ისახავს მიზნად, ისევე როგორც სამი საუკუნის წინ.– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მეღვინეობა „ვაინ ერას“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ერს, ჩვენს შთამომავლობას გადაშენება არ ემუქრება, ვიდრე მის მარნებში ღვინო დაიწურება. ისევე როგორც ღვინოს, ჩვენს სამშობლოსაც სჭირდება მოფრთხილება, ზრუნვა, დადინჯება და დამშვიდება. როგორც ღვინო, ჩვენი სახელმწიფოებრიობაც უნდა დადუღდეს, ლექი დაიწმინდოს, რჩეული სითხე გადმოდინდეს და დაღვინდეს. ქვეყნის წინსვლა ისე ხელშესახებად არსად ჩანს, როგორც ახალ ეკონომიკურ გამარჯვებებში და მიღწევებში, რომელსაც ყველაზე კარგად გრძნობს და აფასებს ჩვენი ხალხი. საქართველოს პარლამენტის სახელით მინდა, აღგითქვათ გვერდით დგომა ქვეყნისთვის სასიკეთო ყველა წამოწყებაში. ჩვენ, ყველამ ერთად, სხვადასხვა ფრონტზე, სხვადასხვა გზით უნდა შევძლოთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩემთვის, როგორც ამ კუთხის შვილისთვის, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოში ღვინის წარმოება დღითი დღე უფრო მასშტაბური, პოპულარული და პრესტიჟული ხდება. ღვინო გვასწავლის ცხოვრებას, ღვინო გვასწავლის შრომას და ღვინო გვასწავლის გამარჯვებას. მის დაყენებას სხვა გული, სხვა სიმშვიდე და სხვა მოთმინება სჭირდება. ღვინოა ჩვენი ზედაშე, ღვინოა ჩვენი ზიარება, ღვინოა ჩვენი სადღეგრძელო, წინაპრების დიდება და შთამომავლობის ლოცვა-კურთხევა. სიხარული, ხვავი, ბარაქა და გახარება ნუ მოგიშალოთ ღმერთმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.