შალვა პაპუაშვილთან და მის კოლეგებთან სწორედაც საყმაწვილო იგავ-არაკებითაა ასახსნელი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხები , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას: „ბატონო დავით, თუ თქვენს მანდატს და ქვეყანას უფრო სერიოზულად მიუდგებით და არა საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, მიხვდებით სად უნდა იდგეთ“.
„რომელიმე მოსამართლე აუცილებლად გატყდება, რადგან ზოგი აღარაა მოსამართლე. ზოგი ისე გამოუშვეს იქიდან, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ჩემი ჯგუფელი და უახლოესი მეგობარი ახალგაზრდობიდან, ნინო გვენეტაძე იქიდან წამოსვლის შემდეგ ორჯერ მყავს ნანახი და ჩავთვალე, რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა იმდენად ჩაიკეტა რაღაცით და ახლა ნელ-ნელა გამომზეურდა ამბები, რა ტიპის შანტაჟს და წნეხს ჰქონდა ადგილი. ახლა ნინო ჟურნალისტებს ეუბნება, რომ არა, არ გეტყვით, სახლში არ გიშვებთო. საგამოძიებო კომისიაში თუ მოხდება ნინო გვენეტაძის დაბარება, ვერ იტყვის არ მოვალო, რადგან თუ არ მოვა, მაშინ ძალიან მძიმე სასჯელი ელის. ვიღაცები, ვინც დღეს შესაძლოა დუმილს ამჯობინებენ, თუ დადგებიან ამ აუცილებლობის წინაშე, მაშინ შესაძლოა დუმილი აღარ იყოს მათთვის ნომერი პირველი არჩევანი და იმ დუმილის დარღვევის შემდეგ რაზე იქნება საუბარი? ჩინჩალაძემ მურუსიძეს რა უთხრა და მურუსიძემ ჩინჩალაძეს? თუ ჩინჩალაძე-მურუსიძეს რას ეუბნებოდნენ და როგორ დალაგდა სქემები ზემოდან? გაირკვევა მერე ზემოთ ვინ არიან. ამიტომ მათ თავიანთი ტყავი აშინებთ და მთელი უმრავლესობა ამიტომ ჰყავთ მძევლად. უმრავლესობაში უამრავი ადამიანია, ვისაც არასოდეს არანაირი შეხება არ ჰქონია არც „კლანთან“ და არც ამ ხალხთან, მაგრამ ვისაც შეხება ჰქონდა, მათ დასცხათ. ამ ტიპის ქმედებები, რამ ამ 2-3 კვირის განმავლობაში ჩაიდინეს, ერთადერთი რამით აიხსნება, პანიკური შიშით”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.