ომის გლობალური პარტიის წარმომადგენლები სამართლებრივი ველის გადალახვაზე გადავიდნენ - პირდაპირ გეუბნებიან, რომ სახელმწიფოდ არ გვთვლიან; რომ შენს კანონმდებლობას პატივს არ სცემენ; რომ კანონშემოქმედებითი საქმიანობით დაკავების უფლება არ გაქვს და ა.შ. ჩამოდის ქალბატონი კრამონი და ამბობს - მერე რა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა დანაშაული ჩაიდინა, რომც ჩაიდინოს, ამით რა? ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ადამიანი არის უდანაშაულო და ის უნდა გაათავისუფლოთო. ამ ყველაფერს უკვე აღარც ნიღბავენ, - ამის შესახებ „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ომის გლობალური პარტიის წარმომადგენლებმა გარკვეული პერიოდი დაიცადეს, რათა ენახათ, მათ აგენტურას გამოუვიდოდა თუ არა საქართველოში კონსტიტუციური, არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება, შემდეგ კი სამართლებრივი ველის გადალახვაზე გადავიდნენ.
„ოქრუაშვილი, უგულავა, რურუა ციხეში ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით ჩავსვით. ჩამოვიდა მთელი კომისია, ნახევარი წელი აქ ფასილიტაციით თუ მედიაციით იყვნენ დაკავებულები და შემდეგ პირდაპირ თქვეს - ეს ადამიანი, ჟორიკა რურუა, პოლიტპატიმარია, ასე გვინდა და უნდა გაათავისუფლოთო. ქალბატონმა პრეზიდენტმაც, რადგან ასე გინდათ, გამოვუშვებთო და გაათავისუფლა. იქამდე, თავიანთ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ISFED-ს უთხრეს, რომ არჩევნების შედეგი არ მოსწონდათ, რადგან ეს საწყალი აგენტები ისევ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ. იმათაც, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება სცადეს, რომ ხალხი ქუჩაში მოლოტოვის კოქტეილებით გამოეყვანათ. ამას ყველაფერს ხომ ვხედავთ? როდემდე უნდა გაგრძელდეს?
ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს - ზუსტად ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც მსგავს სიტუაციებში აშშ-ში, საფრანგეთში, ჰოლანდიასა და ა.შ იქცევიან. ჩავიდეს ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი, მივიდეს ნებისმიერ აქციაზე პარიზში, სადაც ასობით, ათასობით ადამიანია გამოსული და რა ფორმებია გამოყენებული პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, პროპორციული თუ არაპროპორციული, იქ გაარჩიოს. ძალიან საინტერესო იქნება პროტესტანტების რეაქცია ამასთან დაკავშირებით. ან, ჩავიდეს აშშ-ში და გაიკითხოს, როგორ მოხდა, რომ ასევე „გულანთებულმა“ , არჩევნების გაყალბებით გაგიჟებულმა რესპუბლიკელთა მომხრეებმა კაპიტოლიუმის შენობის შტურმით აღება გადაწყვიტეს, მათი ეს მცდელობა კი სახელმწიფომ დაუნდობლად აღკვეთა და მსხვერპლიც იყო, როგორც პროტესტანტების, ასევე, პოლიციის მხარეს. ამას ორმაგი სტანდარტი აღარ ჰქვია - სტანდარტები საერთოდ აღარ არის“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.